უკრაინა

ზელენსკის თქმით, უკრაინა დონბასის რეგიონიდან სამხედროების გამოყვანას გააგრძელებს

New York Post

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ნდობის აღდგენის და ოთხმხრივი მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით დონბასის რეგიონიდან უკრაინა მეტ სამხედრო ძალებს გამოიყვანს.

უკრაინის სამხედრო ძალებმა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა მებრძოლებმა ქალაქ ზოლოტოედან გამოსვლა მიმდინარე კვირას დაიწყეს.

უკრაინა გეგმავს მსგავსი ნაბიჯი გადადგას ქალაქ პეტროვოში, თუ იქ მოქმედი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ დაირღვევა. ამის შესახებ ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზელენსკი ამბობს, რომ ეს ხელს შეუწყობს უკრაინას, რუსეთს, საფრანგეთსა და გერმანიას შორის არსებული ნორმანდიის ფორმატის მოლაპარაკებებს.

"მე ეჭვი არ მეპარება, რომ შეხვედრა გვექნება და ყველა მხარეს სრუს ნორმანდიის ოთხეული ფორმატის შეხვედრა." თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის სამხედრო ძალების თქმით მხოლოდ 30 ოქტომბერს რეგიონში საარტილერიო ცეცხლის გახსნის და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აკრძალული იარაღის გამოყენების 7 შემთხვევა დაფიქსირდა.

სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა რეგიონიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს და თქვა, რომ თუ უკრაინა რეფორმებს და კორუფციასთან ბრძოლას გააგრძელებს, ნატოს კარი მათთვის ღიაა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის საკითხზე უკრაინის, რუსეთისა და ეუთოს სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები შეთანხმდნენ ე.წ. "შტაინმაიერის ფორმულის" მიღებაზე, რაც დონბასის რეგიონში ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას გულისხმობს.

შეთანხმების მიხედვით, არჩევნების შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს თვითმმართველობის სპეციალური სტატუსი ექნება. არჩევნები უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით უკრაინის საარჩევნო კომისიამ უნდა ჩაატაროს და მას ეუთო დააკვირდება. იმ შემთხვევაში, თუ ეუთო დაასკვნის, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, რეგიონს თვითმმართველი სტატუსი მიენიჭება.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით არჩევნების ჩატარების მთავარი პირობაა ტერიტორიიდან რუსული ძალების და რუსების მიერ მხარდაჭერილი მებრძოლების გასვლა.

ზელენსკის მიხედვით ჯგუფი შეთანხმდა ფრონტის ხაზიდან, კონკრეტულად კი ლუგანსკის ოლქის ზოლოტოეს და პეტროვოს სექტორებიდან შეიარაღების და სამხედროების გამოყვანაზე. ზელენსკიმ ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტსაც უპასუხა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უკრაინის ჯარის გასვლის შემდეგ მათი უსაფრთხოება დაცული არ იქნება.

ზელენსკის განცხადებას საპროტესტო აქციები მოჰყვა. ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები