სინოდის სხდომა

თანასწორობის მოძრაობა: ვემიჯნებით საპატრიარქოს მიმართ ჰომოფობიურ შეტევას

ლგბტქ+ უფლებადამცველი ორგანიზაცია "თანასწორობის მოძრაობა" აუცილებლად მიიჩნევს, გამოეხმაუროს წმიდა სინოდის 31 ოქტომბრის სხდომას და იმ განცხადებებს, რომელიც მიზნად ისახავს ლგბტ ადამიანების ინსტრუმენტალიზებას და უპირველესად მძიმე მდგომარეობაში აგდებს ლგბტქ თემს. 

"თანასწორობის მოძრაობა" წერს: 

"საპატრიარქო თუ მასთან აფილირებული ჯგუფები, განცხადებებით, ქადაგებებითა თუ საჯარო მსვლელობებით, ყოველთვის ახალისებდა ჰომოფობიასა და ტრანსფობიას და ხელს უშლიდა ლგბტ ადამიანების ბრძოლას საკუთარი უფლებებისთვის. ამ ხისტმა პოზიციამ განსაკუთრებით დააზარალა ლგბტ მოძრაობის მცდელობა, დაეცვა თემის უფლებები. ამის საილუსტრაციოდ კმარა 17 მაისის, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო დღის გამოცხადება ოჯახების სიმტკიცის დღედ და ყოველ 17 მაისს ჰომოფობიური მსვლელობების გამოჩენა თბილისის ქუჩებში მღვდელმსახურების მონაწილეობით. 

დღეს, როდესაც თავად საპატრიარქოა ჰომოფობიური შეტევის სამიზნე, რომ მის მწყემსმთავრებს თუ მღვდელთმსახურებს შორის შესაძლოა იყონ ლგბტ თემის წევრები, ისევ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრებას აზარალებს. კიდევ უფრო შემაშფოთებელია მიტროპოლიტ პეტრეს დაპირება, რომ იგი მოიყვანს ორ მოწმეს, რომლებიც დაადასტურებენ მის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას. 

ერთი მხრივ საპატრიარქოს მტრული პოზიცია ლგბტ თემის მიმართ და მეორე მხრივ განცხადებები ეკლესიის მეთაურის ჰომოსექსუალობის შესახებ, შესაძლოა სკანდალურად ჟღერდეს, მაგრამ ამან მაინც არ უნდა დაგვავიწყოს, რომ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში, სადაც ჰომოსექსუალობა კრიმინალი არ არის და, მით უმეტეს, არც ცოდვა. შესაბამისად, ნებისმიერ მსჯელობას, რომელიც დემოკრატიული სახელწიფოსთვის უცნობი, საეკლესიო სამართლის რიტორიკას ეფუძნება, ნებისმიერი ადამიანის მიმართ, უნდა გავემიჯნოთ". 

თანასწორობის მოძრაობამ მედიასაც მოუწოდა, თავი შეიკავონ ჰომოფობიური განცხადებების ტირაჟირებისგან, ადამიანის გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციისა და მარგინალიზებისგან". 

დღეს, 31 ოქტომბერს წმიდა სინოდმა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა ეპარქიის მმართველობიდან განაყენა, აუკრძალა ღვთისმსახურება, გაათავისუფლა წმიდა სინოდის სხდომებიდან და მონასტერში მოსანანიებლად გაგზავნა დაუწესა. 

სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ მან თქვა, რომ სინოდის ამ გადაწყვეტილების მიზეზი ეკლესიაში "პედარასტიის ცოდვის მხილებაა" და რომ "პედერასტიით და მამათმავლური ცოდვით კათოლიკოს-პატრიარქია შეპყრობილი". 

კომენტარები