ჩინეთი

ჩინეთის კომუნისტური პარტია: ჩინეთი ჰონგ-კონგის სტაბიულურობას და კეთილდღეობას უზრუნველყოფს

პეკინში კომუნისტური პარტიის 4-დღიანი დახურული შეხვედრის შემდეგ, რომელსაც პარტიის 370 წამყვანი მაღალჩინოსანი ესწრებოდა, ჰონგ-კონგის შესახებ გავრცელდა ოფიციალური განცხადება სადაც წერია, რომ  ჩინეთი ჰონგ-კონგის კეთილდღეობას, სტაბილურობას უზრუნველყოფდა და "არეულობის" პირისპირ ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას დაიცავდა. ჰონგ-კონგში, ბრიტანეთის ყოფილ კოლონიაში პეკინის გაზრდილი გავლენის საწინააღმდეგო და პროდემოკრატიული ცვლილებების მოთხოვნით აქციები 5 თვეზე მეტია რაც იმართება.  

ოფიციალური პეკინი აცხადებს, რომ მათ 'ერთი ქვეყანა, ორი სისტემის' მოდელის დაცვა უნდა გააგრძელონ და გააუმჯობესონ. 

"ჩვენ მკაცრად უნდა ვმართოთ ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი და მაკაოს სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი კონსტიტუციისა და ძირითადი კანონის ზუსტ შესაბამისობაში. ჩვენ ჰონგ-კონგისა და მაკაოს გრძელვადიანი სტაბილურობა და კეთილდღეობა უნდა უზრუნველყოთ," - ვკითხულობთ განცხადებაში. 

კომუნისტურ პარტიამ ასევე თქვა, რომ მათ უნდა ჩამოაყალიბონ ისეთი სამართლებრივი სისტემა და აღსრულების მექანიზმი, რომ სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონებში ეროვნული უსაფრთხოება დაცული იყოს.

ამ განცხადების მიუხედავად, კომუნისტურ პარტიას ახალი ნაბიჯების შესახებ არაფერი უთქვამს. 

ოფიციალური პეკინისთვის ტაივანი, სინძიანი, ტიბეტი და უკვე ჰონგ-კონგიც ქვეყნის 'ცხელი წერტილებია', რაც 'ერთიანი ჩინეთის' იდეას შიგნიდან უქმნის საფრთხეს. პრეზიდენტ სი ძინპინის მმართველობის სათავეში მოსვლიდან 2012 წლის შემდეგ ჰონგ-კონგის პროტესტი მისთვის ყველაზე დიდი პოლიტიკური გამოწვევაა. რამდენიმე დღის წინ მან თქვა, რომ ჩინეთის გახლეჩვის ნებისმიერი მცდელობა "დანაწევრებული სხეულებითა და დამსხვრეული ძვლებით" დასრულდებოდა. 

ჰონგ-კონგის აქციები თავდაპირველად ჰონგ-კონგიდან კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო, რაც რამდენიმე თვეში დაკმაყოფილდა, თუმცა დროთა განმავლობაში მომიტინგეების მოთხოვნები გაიზარდა. ისინი ახლა პოლიციის უფლებამოსილების გადამეტების დამოუკიდებელ გამოძიებას, თავისუფალ არჩევნებს და ზოგადად, პეკინის გაზრდილი გავლენისგან გათავისუფლებას ითხოვენ. აქციები არაერთხელ ძალადრობრივად დაშალეს, რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი, პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენეს.

არსებობს ეჭვი, რომ ჩინეთის მთავრობამ 1989 წელს თიანანმენის მსგავსად დაარბიოს აქციები. ატაშეების ინფორმაციით, ჩინეთმა ჰონგ-კონგში სამხედრო პერსონალის რიცხვი ფარულად გააორმაგა.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით, რითაც ჰონგ-კონგს განსაკუთრებული ავტონომია მიენიჭა. ჰონგ-კონგი კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და ასევე დამოუკიდებელი სასამართლოთი განსხვავდება. ჰონგ-კონგს აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს. ძირითად კანონს ვადა 2047 წელს ეწურება. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები