მეუფე პეტრეს განყენება

მეუფე პეტრე: ეპარქიაში ვრჩები, დაველოდები მეუფე გრიგოლის ჩამოსვლას

მეუფე პეტრე ცაავა, რომელიც სინოდმა მღვდელმთავრობიდან განაყენა, ჭყონდიდის ეპარქიაში იმყოფება. ის ეპარქიაში გუშინ, 31 ოქტომბერს, ღამით ჩავიდა, სადაც მრევლი ელოდებოდა.

პეტრე ცაავა ეკლესიაში შეკრებილებს შეხვდა და კომენტარი გააკეთა მედიასთან. ჟურნალისტების კითხვას, რას აპირებს, ის პასუხობს, რომ რჩება ეპარქიაში, დაელოდება მეუფე გრიგოლის ჩასვლას და შემდეგ გადაწყვეტს.

"ჩამოვიდეს, სტუმარი ღვთისაა, მით უმეტეს, მას დაევალა ეს. მე შეჩერებული მაქვს მსახურება, მას აქვს უფლება და დანარჩენს ვნახავთ. ვეცდები, რომ ეს ყველაფერი იყოს ქრისტიანულად", - თქვა პეტრე ცაავამ.

მისივე ინფორმაციით, მეუფე გრიგოლს მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

პეტრე ცაავამ ასევე აღნიშნა, რომ აქვს ინფორმაცია, რომლის მიხედვით, გრიგოლ კაციას ჭყონდიდის ეპარქიას ჯერ კიდევ სამი წლის წინ, ციანიდის საქმის შემდეგ სთავაზობდნენ. 

"მე ძალიან მებრალება, მძიმე ჯვარი შეხვდა მასაც, თავისი სინდისის წინაშე... უბრალოდ, უნდა ვთქვა, რომ როგორც ჩემთვის ცნობილია, ჯერ კიდევ სამი წლის წინ, როცა ციანიდის თემა დაიწყო და მცდელობა იყო ეპარქიიდან გადავეყვანე და ცვლილება მომხდარიყო, როგორც ჩემთვის ცნობილია, პატრიარქის მდივან-რეფერანტი მას სთავაზობდა ჭყონდიდელობას. ანუ ქალბატონი სთავაზობდა მას სინოდამდე, თუ სინოდში მე თანახმა ვიქნებოდი. აქედან გამომდინარე, ნამდვილად არაა სახარბიელო მდგომარეობა", - აღნიშნა პეტრე ცაავამ.

ამასთან, უკვე განყენებული მღვდელმთავარი ამბობს, რომ მეუფე გრიგოლი მიმდინა წლის ივნისში იმყოფებოდა მასთან, როგორც პატრიარქის ოფიციალური წარმომადგენელი. მეუფე პეტრეს თქმით, გრიგოლ კაციას ესაუბრა "არსებულ ცოდვებზე", რაზეც მან უპასუხა, რომ "მამა უნდა დაფარო".

"მთელი გულისტკივილით ვესაუბრე არსებულ ცოდვებზე და რომ ვაპირებდი მხოლოდ სინოდზე ჩასვლას, ისე აზრი არ ჰქონდა. თითქოს მას გაუკვირდა, მის გულწრფელობაში უკვე ეჭვი მეპარება. როცა ვუთხარი, რომ მაქვს ამის მტკიცებულებები და არ მაქვს პრობლემა, რომ ეს ყველაფერი დავამტკიცო მხოლოდ სჯულის კანონის ფარგლებში, ვკითხე, ყველაფერი ეს მართალი რომ აღმოჩნდეს, მაშინ რას იზამ-მეთქი და რუსულად მიპასუხა - "надо покрывать отца", ე.ი., მამა უნდა დაფარო", - ამბობს პეტრე ცაავა.

მისივე ინფორმაციით, სინოდის სხდომის შესახებ დღენახევრით ადრე შეატყობინეს და არ იცოდა, მისი საკითხით თუ უნდა განეხილათ. 

მეუფე პეტრეს აზრით, საჭიროა გაფართოებული კრების მოწვევა, რომელსაც სასულიერო და საერო პირები ესწრებიან, თუმცა დარწმუნებულია, რომ საპატრიარქო ამას არ გააკეთებს.

გარდა ამისა, პეტრე ცაავა არ გამორიცხავს, რომ მისი განყენებით ბოდბელი ეპისკოპოსის, იაკობ იაკობიშვილის საკითხი გადაფარეს.

"არც იმას გამოვრიცხავ, რომ ჩემი თემით გადაფარეს ის პრობლემატური საკითხი, მეუფე იაკობის სკანდალური განცხადების სათავეები. გაითამაშეს სცენა, რაღაც აღსარების ჩაბარება პატრიარქზე, ღიმილის მომგვრელია, არაგულწრფელი და უსუსურია", - თქვა მან ჭყონდიდის ეპარქიაში.

პეტრე ცაავას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, სხვა ეპარქიებიდან თუ გამოუცხადეს მხარდაჭერა, რაზეც განყენებულმა მღვდელმთავარმა უპასუხა, რომ მის ტელეფონზე ბევრი ზარი იყო შემოსული მღვდელმთავრებისგან, რომლებსაც ვერ უპასუხა.

31 ოქტომბრის სხდომაზე წმიდა სინოდმა ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა განაყენა. ყოფილი მღვდელმთავრის მტკიცებით, სინოდის გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ მან პატრიარქი "პიდარასტიაში, მამათმავლურ ცოდვაში" ამხილა. მეუფე პეტრე ამბობს, რომ მან სინოდის სხდომის 1 ნოემბრისთვის გადადება ითხოვა, რათა მოწმეები მიეყვანა, თუმცა, უარი მიიღო.

ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრეს წალკელი ეპისკოპისი, მეუფე გრიგოლ კაცია შეცვლის.

კომენტარები