მეუფე პეტრეს განყენება

"ჩავეხუტები მეუფეს და მადლობას გადავუხდი"- მეუფე გრიგოლი მარტვილში ჩავიდა

ჭყონდიდის ეპარქიის დროებითი მმართველი, მეუფე გრიგოლ კაცია მარტვილში ჩავიდა. როგორც მან თქვა, მეუფე პეტრეს "ჩაეხუტება და მადლობას გადაუხდის".  

"მე ვარ ექიმი. თქვენ იცით რომ, ოპერაცია ვერ ტარდება იმ დროს, როცა ყვირის და ჩხუბობს ვიღაც. დავმშვიდდეთ, ვისაუბროთ წყნარად. პატრიარქმა გუშინ სინოდის სხდომა იმით დაიწყო, რომ ვაპატიოთ ერთმანეთს",-თქვა მეუფე გრიგოლმა.  

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რას ფიქრობს სასულიერო პირთა ნაწილის დამოკიდებულებაზე, რომ მეუფე პეტრეს განყენება უსამართლოა, გრიგოლ კაციამ უპასუხა, რომ "ვისაც უნდა დარჩეს, ვისაც უნდა მეუფესთან იყოს".

"მთავარი შეკითხვა ის არის, რომ მესამე წელი იყო საუბარი, რომ მეუფე პატრიარქთან მივიდეს და პატიება სთხოვოს. ერთი გაფრთხილება, მეორე, მესამე და უკვე..."-თქვა მეუფე გრიგოლმა მეუფე პეტრეს განყენებაზე საუბრისას.

მეუფე გრიგოლი მეუფე პეტრე ცაავას შეხვდება, რომელიც მარტვილში გუშინ, 31 ოქტომბერს ჩავიდა. როგორც მედიასთან თქვა, დარჩება მარტვილში და მეუფე გრიგოლს დაელოდება. 

"ჩამოვიდეს, სტუმარი ღვთისაა, მით უმეტეს, მას დაევალა ეს. მე შეჩერებული მაქვს მსახურება, მას აქვს უფლება და დანარჩენს ვნახავთ. ვეცდები, რომ ეს ყველაფერი იყოს ქრისტიანულად", - თქვა პეტრე ცაავამ. 

მეუფე პეტრეს, ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს, მღვდელმოქმედება აქვს შეჩერებული. კათოლიკოს პატრიარქმა ის სინანულისთვის შიომღვიმის მონასტერში გაგზავნა.

31 ოქტომბრის სხდომაზე წმიდა სინოდმა ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა განაყენა. ყოფილი მღვდელმთავრის მტკიცებით, სინოდის გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ მან პატრიარქი "პიდარასტიაში, მამათმავლურ ცოდვაში" ამხილა. მეუფე პეტრე ამბობს, რომ მან სინოდის სხდომის 1 ნოემბრისთვის გადადება ითხოვა, რათა მოწმეები მიეყვანა, თუმცა, უარი მიიღო.

კომენტარები