სექსუალური ძალადობა

უფლებების ჩამორთმევა, მოძალადეთა ბაზა, უვადო პატიმრობა - სექსუალური დანაშაულის წინააღმდეგ

საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე დაამტკიცებს ცვლილებებს 26 კანონში, რომელთა მიხედვით შინაგან საქმეთა სამინისტრო სექსუალური დანაშაულზე სასჯელს გაამკაცრებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში ამ ტიპის ძალადობა ყველაზე ხშირად არასრულწლოვნების წინააღმდეგ ხდება.

2019 წლის 9 თვეში სექსუალური დანაშაულისთვის პასუხისგებაში 152 პირი მისცეს, ამათგან სრულ უმრავლესობას - 114 ადამიანს ბრალად ედება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაული.

2018 წელს რეგისტრირებული იყო სექსუალური დანაშაულის 405 ფაქტი, აქედან 287 სისხლის სამართლის საქმეზე მსხვერპლი იყო არასრულწლოვანი.

2017 წელს რეგისტრირებული იყო სექსუალური თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 339 ფაქტი, საიდანაც 224 სისხლის სამართლის საქმეზე მსხვერპლი იყო არასრულწლოვანი.

ხოლო 2016 წელს რეგისტრირებული სექსუალური თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 336 ფაქტიდან 262 სისხლის სამართლის საქმეზე მსხვერპლი იყო არასრულწლოვანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს შექმნას ერთიანი ელექტრონული ბაზა, რომელშიც სექსუალური დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირების პირადი ინფორმაცია იქნება.

კერძოდ, ბაზაში აღირიცხებიან ის პირები, რომლებიც მსჯავრდებულები არიან გაუპატიურებისთვის, გარყვნილი ქმედებისთვის, პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში არასრულწლოვნის ჩაბმისთვის და 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის სექსუალური მიზნებისათვის შეხვედრის შეთავაზებისთვის.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ამ რეესტრის ფუნქციონირებას ორი მიზანი აქვს: სექსუალური დანაშაულის პრევენცია და ამგვარი დანაშაულის ჩამდენების იდენტიფიცირების გამარტივება.

სამინისტრო ბაზაში შეინახავს მსჯავრდებულების პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, ნასამართლობის, დაქტილოსკოპიურ და სხვა მაიდენტიფიცირებელ ცნობებს.

ამავე ცვლილებებს მიხედვით, მკაცრდება სანქციები არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური დანაშაულისთვის. გაუპატიურებისთვის შემოდის თავისუფლების უვადო აღკვეთა.

გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით, სექსუალურ დანაშაულში მსჯავრდებულ ადამიანებს გარკვეული უფლებები ჩამოერთმევათ. კერძოდ:

  • ნებისმიერი საგანმანათლებლო, სასწავლო ან სააღმზრდელო მომსახურების გაწევის უფლება, ასევე, ასეთი მომსახურების გამწევ დაწესებულებებში საქმიანობა;
  • არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში, ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში, არასრულწლოვნებისთვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო, სასწავლო, სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ყოფნის უფლება;
  • არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების უფლება, თუ პირი მსჯავრდებულია გაუპატიურების ან გარყვნილი ქმედებისთვის;
  • სოციალური მუშაობა (პრაქტიკულ საქმიანობაზე დაფუძნებული სპეციალობით მუშაობა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში ინდივიდის თავისუფალ განვითარებას, მისი ინტეგრაციის ხელშეწყობას და ინდივიდის გაძლიერებით ემსახურება საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებას);
  • საექიმო საქმიანობა;
  • სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობა;
  • პასიური საარჩევნო უფლება (უფლება არჩეული იქნას ამა თუ იმ არჩევით თანამდებობაზე);
  • იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
  • სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრების გადაყვანის უფლება;
  • სხვა საქმიანობის უფლება, რომლის ჩამორთმევასაც დამნაშავის პიროვნების და დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს სასამართლო.

სასამართლოს შეუძლია ამ ჩამონათვალიდან ერთი ან რამდენიმე უფლება ჩამოართვას პირებს, რომლებიც მსჯავრდებულები არიან გაუპატიურებისთვის, გარყვნილი ქმედებისთვის, პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში არასრულწლოვნის ჩაბმისთვის და 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის სექსუალური მიზნებისათვის შეხვედრის შეთავაზებისთვის.

-----

დაგეგმილ ცვლილებებს დადებითად აფასებს სახალხო დამცველი. ომბუდსმენის მოადგილე ტაბულასთან ამბობს, რომ აპარატი კანონპროექტის მომზადებაში ჩართული იყო და შსს-მ მათი მოსაზრებებიც გაითვალისწინა.

თუმცა, ეკა სხილაძის თქმით, ეს არის მხოლოდ ერთი მცირე ნაბიჯი ამ დიდი პრობლემის წინააღმდეგ და სექსუალური ძალადობის პრევენცია მხოლოდ კანონის მიღებას არ გულისხმობს. სახალხო დამცველის მოადგილე ამბობს, რომ პრევენცია კანონის ეფექტური განხორციელებაა, რაც პრობლემაა. მისივე თქმით, პრობლემაა სექსუალურ ძალადობის დროული გამოვლენა და იდენტიფიცირებაც. 

"მოსახლეობას, ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებებს, ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალებს არ აქვთ კონკრეტული არც ინფორმაცია, არც უნარ-ჩვევები, რომ სექსუალური ძალადობის პრევენციისთვის თავიანთი როლი შეასრულონ. მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველი ამ ცვლილებებს მხარს უჭერს, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ მათი პრაქტიკაში განხორციელება უკავშირდება უფრო მეტ ღონისძიებას, უფრო მეტი რესურსის გამოყოფას სახელმწიფოს მხრიდან, რასაც ჩვენ ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ", - ამბობს ეკა სხილაძე.

სახალხო დამცველის მოადგილე აღნიშნავს, რომ ყველაზე პრობლემური საკითხი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის სერვისის არარსებობაა, თუმცა ამ მიმართულებით ნაბიჯები არ იდგმება.

"ქვეყანაში დღეს არ არსებობს კონცეფცია და სარეაბილიტაციო სერვისი, რომელიც სპეციფიკურად, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვს შესთავაზებდა და გაუწევდა შესაბამის დახმარებას. ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა სახელმწიფო ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების კრიტიკულად მცირე რაოდენობა გვყავს", - ამბობს სხილაძე.

ომბუდსმენის მოადგილე მიუთითებს საზოგადოებაში არსებულ ტაბუზეც და ამბობს, რომ სწორედ ამის გამო, ბევრი შემთხვევის შესახებ ცნობილი არ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სექსუალური ძალადობა საკმაოდ გავრცელებული და პრობლემურია. ეკა სხილაძის თქმით, ამ კუთხით სახალხო დამცველისადმი მიმართვიანობა ძალიან დაბალია და მეტიც, შსს-ს ოფიციალური სტატისტიკის მიღმაც ძალიან ბევრი შემთხვევაა, რომელთა გამოვლენა არ ხდება.

"საზოგადოებაში ამ სტიგმის და ტაბუს გადალახვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი კომპონენტია სკოლაში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ სწავლება, რაც ამ დრომდე ფრაგმენტულად ხდება. ბავშვებს არ მიეწოდებათ ინფორმაცია. როცა ვატარებთ კვლევებს, ჩანს, რომ ბავშვებს არ აქვთ ინფორმაცია დაცვისა და დახმარების მექანიზმების შესახებ, ანუ ვის უნდა მიმართონ, თუ მათი უფლება ირღვევა", - ამბობს ეკა სხილაძე.

ორგანიზაციაში "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", რომელიც ბავშვთა უფლებებს იცავს და გენდერული თანასწორობისთვის იბრძვის, ცვლილებებს მიესალმებიან და მიიჩნევენ, რომ სექსუალურ ძალადობაზე დღეს მოქმედი სანქციები ადეკვატური არ არის.

ორგანიზაციის ხელძღვანელს მიაჩნია, რომ ყველა ის შეზღუდვა, რომელსაც კანონპროექტი ითვალისწინებს, გამართლებული და პროპორციულია.

"ეს არ არის არაპროპორციული ჩარევა. უნდა გავითვალისწინოთ, რა სიკეთეს ვიცავთ - აქ მკაცრი ჩარევა გამართლებულია. სტრასბურგის სასამართლოსაც ჰქონდა მსგავსი საქმეები და მან პროპორციულად ჩათვალა" , - აღნიშნავს ანა აბაშიძე.

თუმცა, აბაშიძე, რომელიც მოქმედი იურისტიცაატაბულასთან ამბობს, რომ პრობლემას მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები ვერ მოაგვარებს და არსებული გარემოს შეცვლისთვის, კანონთან ერთად, საჭიროა ეფექტური გამოძიება და საგანმანათლებლო პროგრამები.

"დავეყრდნოთ ბოლომდე ამ ცვლილებებს და ჩავთვალოთ, რომ კანონის ამგვარი მოდიფიცირება მსგავსი ტიპის დანაშაულებს პრაქტიკულად აგვარიდებს, არის ილუზორული. სწორი მოლოდინი უნდა გვქონდეს. რა თქმა უნდა, გარკვეულ პრევენციულ ეფექტს იქონიებს, რაც ნიშნავს იმას, რომ გარკვეულ შემთხვევებში ადამიანები, რომლებიც დანაშაულს სჩადიან ან გეგმავენ ამ დანაშაულის ჩადენას, თავს შეიკავებენ. მაგრამ, ვერ მივენდობით მხოლოდ კანონის გამკაცრებას და აუცილებლად უნდა მოხდეს არსებითი, ფუნდამენტური ცვლილებები საგანმანათლებლო და ღირებულებების კუთხით", - ამბობს ანა აბაშიძე.

ის განმარტავს, რომ საგანმანათლებლო და ღირებულების მიმართულებით ფუნდამენტურ ცვლილებებში გულისხმობს პროგრამებს და საგნებს, რომლებიც ბავშვებს და მშობლებს მეტ ინფორმაციას მიაწვდის როგორც რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ასევე, ძალადობის შესახებ.

"მაგალითად, ასწავლის მათ ძალადობის ამოცნობას და ან იმას, კონკრეტული ქმედება დანაშაულია თუ ნორმა. უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, რომ არსებობს მთელი რიგი სისტემები, რომლებიც მათ დაიცავს", - აღნიშნავს აბაშიძე.

მისივე თქმით, ამ ტიპის საქმეებში ყველაზე სუსტი ნაწილი გამოძიებაა და როცა სასჯელი მკაცრდება, სამართალდამცავი უწყებების პასუხისმგებლობა გაცილებით იზრდება.

"ამ კუთხით, ნამდვილად გვაქვს გამოწვევები. დღეს არის საქმეები, რომლებიც სასამართლომდე ვერც კი მიდის, იმის გამო, რომ არაადეკვატური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. მაგალითად, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ როცა ბავშვია მოწმე, არ უჯერებენ მის მონათხრობს, რაც მტკიცებულებების მოპოვებას ართულებს", - ამბობს ანა აბაშიძე.

მიუხედავად ამისა, PHR-ის ხელმძღვანელს დადებითი მოლოდინი აქვს და მაგალითად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოჰყავს. ის ამბობს, რომ ეს იყო გამოწვევა და დღეს კარგად მუშაობს.

დაგეგმილ ცვლილებებს დადებითად აფასებენ ქალთა მოძრაობაშიც. იდა ბახტურიძე ამბობს, რომ დიდი ხანია მთავრობას სთავაზობენ შექმნას პრევენციული მექანიზმი სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ, მათ შორის, მოძალადეთა ელექტრონული ბაზა.

"ეს იქნება ერთ-ერთი საშუალება, რომლითაც შესაძლებელი გახდება ამ დანაშაულის პრევენცია, განსაკუთრებით არასრულწლოვნებში. ზუსტი სტატისტიკა არ გაგვაჩნია, მაგრამ ემპირიული მონაცემებით ირკვევა, რომ საქართველოში პედოფილია და არასრულწლოვნების მიმართ სხვადასხვა სახის სექსუალური დანაშაული ხშირია. ამიტომ მსჯავრდებულთა ბაზის შექმნა ერთ-ერთი ისეთი ნაბიჯია, რომელმაც სერიოზული გარდატეხა შეიძლება მოახდინოს ამ დანაშაული მინიმუმამდე დაყვანაში და რაც მთავარია, პრევენციაში. აქამდე მართლმსაჯულების სისტემა მთლიანად მიმართული იყო გამოვლენილი დანაშაულების უკვე დასჯაზე. გარდა ამისა, არის გამოვლენის პრობლემაც, რაც იმას ნიშნავს, რომ უმეტეს შემთხვევაში ასეთი ფაქტები მართლმსაჯულების მიღმა რჩება", - ამბობს იდა ბახტურიძე.

ქალთა უფლებადამცველი ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად კარგი ინიციატივისა, ბევრია დამოკიდებული იმაზე, საბოლოოდ რა სახის იქნება კანონი.

საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი 2019 წლის 11 ივნისს დაუჭირა. მეორე მოსმენა 18 ოქტომბერს უნდა ყოფილიყო, თუმცა, სამთავრობო ცვლილებების გამო მომხსენებელი შეიცვალა და ბიუროზე განხილვის 1 თვით გადადება მოითხოვეს. პარლამენტი საკითხს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ნოემბერში მიუბრუნდება და მაღალი ალბათობით, წლის ბოლომდე ცვლილებებს მიიღებენ.

სექსუალური ძალადობის შესახებ რესპონდენტების მონათხრობი, ასევე, ფსიქოლოგის კომენტარი, რომელიც ამ ტიპის ძალადობის ნიშნებზე საუბრობს, წაიკითხეთ ტაბულას სტატიაში: "3-4 წლის ვიყავი, მაწვენდა, მაშიშვლებდა, მეხებოდა" - სექსუალური ძალადობა და სახიფათო ნიშნები

კომენტარები