კრიმინალი

კაცს, რომელმაც შურისძიების მიზნით ძმა მოკლა და მეზობელი დაჭრა, 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

REUTERS

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ძმის განზრახ მკვლელობაში, მეზობლის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვასა და ტარებაში ბრალდებული გ.ფ. დამნაშავედ ცნო. მას სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

"უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წლის 1 თებერვალს, გ.ფ.-მ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტოთუბანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა და ატარებდა, მეზობელს კ.ბ-ს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა, ხოლო ურთიერთშელაპარაკებისას, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ძმას-დ.ფ.-ს თავის არეში ესროლა. მიღებული დაზიანების შედეგად დ.ფ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა" - აცხადებს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა გ.ფ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვა და ატარებდა) წარედგინა.

კომენტარები