საპატრიარქო

ექიმის თქმით, პატრიარქი სამების ტაძარში საკვირაო წირვას დაესწრება

ტვ იმედი

ილია II-ის ექიმის, ცისანა შარტავას, თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია და ის თავს "ჩვეულებრივად გრძნობს". ამის შესახებ ექიმმა საპატრიარქოს დატოვების შემდეგ მედიასთან ისაუბრა, თუმცა ჟურნალისტებს უთხრა, რომ საპატრიარქოში ლოცვაზე იყო მისული და არა პატრიარქის მოსანახულებლად. 

ექიმისვე ცნობით, პატრიარქი 3 ნოემბერს სამების ტაძარში საკვირაო წირვას დაესწრება. ეს პატრიარქის წინამძღოლობით პირველი საკვირაო წირვა იქნება მას შემდეგ, რაც ყოფილა ქორეპისკოპოსმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა პირდაპირ ეთერში რამდენიმე ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსანი პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა. 

ეპისკოპოსმა იაკობმა ასევე თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან და რამდენიმე სამთავრობო პირთან ერთად პატრიარქის მკვლელობას გეგმავდა. 

ამ ინტერვიუდან ორი დღის შემდეგ ეპისკოპოსი იაკობი, თავისი ნების საფუძველზე, ქორეპისკოპოსობიდან გადააყენეს. მან მხოლოდ ლექსიკის გამო მოიხადა ბოდიში, ხოლო ზემოაღნიშნული ნათქვამი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რის შემდეგაც სინოდის საგანგებო სხდომა ჩაინიშნა. 

31 ოქტომბერს სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ მედიას უთხრა, რომ ის პატრიარქმა სინოდიდან განაყენა, რისი მიზეზიც საპატრიარქოში "მამათმავლობის მხილება" იყო. ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პატრიარქს "პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი" უწოდა და თქვა, რომ მას არ მიეცა საშუალება, რომ სჯულის კანონის თანახმად, თავისი ნათქვამი დაემტკიცებინა და სხდომაზე 2 მოწმე მიეყვანა. 

კომენტარები