შსს

სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილი, რომელიც თოფით დაჭრეს, მართვით სუნთქვაზეა

ღუდუშაურის კლინიკის ექიმი მამუკა კაპანაძე
მთავარი არხი

კახეთის სოფელ მირზაანის რწმუნებულის, აკაკი თარაშვილის, შვილი, რომელიც 1 ნოემბერს სანადირო იარაღით დაჭრეს, რეანიმაციაშია მოთავსებული და ის ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა. 

ღუდუშაურის კლინიკის ექიმის, მამუკა კაპანაძის, თქმით, 31 წლის კობა თარაშვილის მდგომარეობა ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად სტაბილურია, თუმცა ის მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აგრძელებს. 

"რაც შეეხება ამპუტაციის საკითხს, ამის საჭიროება ჯერჯერობით არ დგას,"- ამბობს კაპანაძე მედიასთან. 

ექიმისვე თქმით, პაციენტს მარჯვენა ზედა კიდურზე ოპერაცია გუშინ გვიან ღამით ჩაუტარდა. 

სამართალდამცველებმა თარაშვილის დაჭრაში ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის იარაღი, სანადირო თოფი მათ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ 1963 წელს დაბადებულმა პ.მ-მ, ყოფით თემაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, 1987 წელს დაბადებულ კ.თ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს" - აცხადებს შსს.

გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

კომენტარები