ე.წ ციანიდის საქმე

საპატრიარქოს იურისტი პრეზიდენტთან შუამდგომლობაზე: როგორც ვიცი, ჯერ არაფერი გამზადებულა

ImediNews

საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას, თქმით, რამდენადაც მისთვის ცნობილია, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი სინოდის მხრიდან ჯერჯერობით არ მომზადებულა მიმართვა, რომლითაც მღვდელმთავრები დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტთან უშიუამდგომლებენ. 

"თუ რამე დოკუმენტი მომზადდება საქართველოს საპატრიარქოში, ამაზე ოფიციალურად განცხადებას გააკეთებს კათოლიკოს-პატრიარქის წარმომადგენელი,"- ამბობს ქარჩავა. 

31 ოქტომბრის სხდომაზე წმიდა სინოდმა გადაწყვიტა, პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართოს. სინოდის სხდომის მდივნის, მეუფე დანიელის თქმით, მიზეზი დეკანოზის "ჯანმრთელობისა და ოჯახის რთული მდგომარეობაა". აქამდე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აცხადებდა, რომ "საპატრიარქო იმ მსჯავრდებულების მიმართ აყენებს შუამდგომლობას, რომლებიც შენდობას ითხოვენ და თავისი დანაშაულის წილს აღიარებენ. ეს პრინციპი ახლაც შეუცვლელია".

2 ნოემბერს განცხადება გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, სადაც ეწერა, რომ შეწყალების საქმეების განხილვა არ განახლებულა. 

საქართველოს პრეზიდენტს შეწყალებაზე მორატორიუმი აქვს გამოცხადებული, ვინაიდან, გაირკვა, რომ მან 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე მძიმე დანაშაულში ბრალდებული რამდენიმე პირი შეიწყალა. ამ ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, სალომე ზურაბიშვილმა კი საპასუხოდ შეწყალებაზე უარი თქვა მანამ, სანამ "არ გადაიხედება და შემუშავდება შეწყალების წესები". რაც შეეხება გიორგი მამალაძის შეწყალებას, სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, რომ "არ მგონია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად თავის თავს აყენებს სასამართლო სისტემის ზემოთ და შეუძლია, რომ გაასწოროს ის, რაც არის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი. მე წარმოდგენა მაქვს, რომ პრეზიდენტის შეწყალება არის დისკრეციული უფლება, რომელიც უნდა იყოს ძალიან განსაკუთრებული და ძალიან გარკვეულ პირობებში".

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 5 სექტემბერს ის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

მამალაძის ოჯახი, ასევე მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მის შეწყალებას წელიწადზე მეტია, ითხოვს. პეტრე ცაავა საპატრიარქოს სწორედ მამალაძის საკითხზე დაუპირისპირდა. 

კომენტარები