ანიტა რაჭველიშვილი

"ვერაფრით შემაშინებენ"- ანიტა რაჭველიშვილის თქმით, მის ოჯახის წევრს თავს დაესხნენ

ანიტა რაჭველიშვილი თავისუფლების მარშზე
ტაბულა

საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილისს თქმით, მისი ოჯახის წევრს, რომელიც მომღერლის მანქანით გადაადგილდებოდა, ქუჩაში თავს დაესხნენ. 

როგორც რაჭველიშვილი წერს, მისი მული შუქნიშანთან იყო გაჩერებული, როდესაც უცხო პირი მანქანაში "შეუხტა", გაგდების შემდეგ კი, როდესაც აღელვებული მძღოლი გაჩერდა, კვლავ ცდილობდა მანქანაში ძალით ჩაჯდომას და შუშაზე "აბრახუნებდა".

მისივე თქმით, ინციდენტს პოლიცია შეესწრო, თუმცა რეაგირება არ მოუხდენია.

"აი ეს არის ეს ხელისუფლება! აი ამ ფორმით მოქმედებს უკვე!უბრალოდ ის არ იციან რომ მე ვერაფრით შემაშინებენ!დასკვნები თქვენ გამოიტანეთ! ამ ფაქტის მერე ოფიციალურად ვაცხადებ რომ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრის თავიდან ერთი ღერი თმაც რომ ჩამოვარდეს მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს არაოფიციალურ მმართველს ბიძინა ივანიშვილს! [...] დიდი იმედი მაქვს რომ ვიღაცა გიჟი იყო უბრალოდ და ასეთ დიქტატურამდე ჯერ არ მივსულვართ",-წერს რაჭველიშვილი.  

როგორც "ტაბულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. დამნაშაული ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 

მეცო სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი, 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ რუსთაველის გამზირზე აქციას შეუერთდა.  

"მინდა გთხოვოთ პატიება იმისთვის, რომ ოდესღაც ვუჭერდი მხარს პარტიას, რომელიც ანგრევდა საქართველოს და აგრძელებს ამის კეთებას. იმისთვის, რომ საკმარისად არ ვიბრძვი, იმისთვის, რომ მმართველი პარტია დღეს არ ჩაგრავდეს ყოველ ჩვენთაგანს და არ ღვრიდეს ჩვენი მოქალაქეების სისხლს",-თქვა ანიტა რაჭველიშვილმა აქციაზე.  

ასევე, ანიტა რაჭველიშვილმა გააკრიტიკა ბერა ივანიშვილი, რომელმაც ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მილიონი დოლარი გადარიცხა, რაშიც, მისი თქმით, შედიოდა როგორც მისი "მძიმე შრომით გამომუშავებული დანაზოგები", ისევე ოჯახის წვილილიც. რაჭველიშვილის კრიტიკას არქიმანდრიტ ბართლომეს წყევლა მოჰყვა, რომელმაც ანიტა რაჭველიშვილს ყელის კიბო უსურვა, შემდეგ კი კომენტარის მიზანი იმით განმარტა, რომ მეცო სოპრანო "ზღვარს გადასვლას" მიმხვდარიყო

კომენტარები