არმინე ართუნიანი

არმინე არუთინიანი: როდესაც ჩემს პიროვნებას ისე ეხებიან, რომ არ მიცნობენ, არ არის კარგი

ტაბულა

თბილისში Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული მიმდინარეობს, რომლის მესამე დღესაც ქართული ბრენდის Dalood-ის ჩვენება არმინე არუთინიანმა გახსნა.

ჩვენების დაწყებამდე ტაბულა არმინე არუთინიანს გაესაუბრა და კითხა, რას ფიქრობს იმ ნეგატიურ კომენტარებზე, რომელიც მის შესახებ იწერებოდა.

"ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა ილაპარაკოს და გამოთქვას საკუთარი აზრი. ეს ალბათ ნორმალურია, მაგრამ როდესაც ეხებიან ჩემს პიროვნებას ეხებიან ისე, რომ არ მიცნობენ, ეს უკვე არ არის კარგი. ვფიქრობ, რომ ჯერ უნდა გაიცნო ადამიანი და მერე ილაპარაკო ცუდი. ხალხმა ნეგატივი გადმოღვარა და თუკი ამისგან დაიცალნენ, ეს კარგია", - გვიპასუხა არმინე არუთინიანმა.

ის ასევე გვესაუბრა რას ფიქრობს თბილისზე და მოსწონს თუ არა აქ ყოფნა.

"თბილისი ძალიან მიყვარს და ჩემთვის ძალიან მაგარია აქ ყოფნა. მე ყოველწლიურად ვარ თბილისში და თავს კარგად ვგრძნობ აქ", - თქვა არმინე არუთინიანმა.

არმინე არუთინიანი ხსნის Dalood-ის ჩვენებას
ფოტო: ტაბულა

მისივე თქმით, ამ მომენტისთვის მოდის სფეროში არაფერს აკეთებს, თუმცა იმედი აქვს რომ Gucci კვლავ დაინტერესდება მისით.

არმინე არუთინიანი საქართველოში აქტუალური მას შემდე გახდა, რაც ოქტომბრის დასაწყისში Gucci-ის 2020 წლის საგაზაფხულო კოლექციის ჩვენებაზე გამოჩნდა. არუთინიანი ჩვენებაზე სრულიად შემთხვევით გამოჩნდა, რადგან ის პროფესიით არა მოდელი, არამედ გრაფიკული დიზაინერია.

მის ჩვენებაზე გამოსვლას, ინტერნეტ სივრცეში ქართველი მომხმარებლების ნაწილისგან ნეგატიური კომენტარები მოყვა. ისინი წერდნენ, რომ არმინე არუთინიანი არ არის ლამაზი იმისთვის, რომ მოდის სახლების ჩვენებებზე გამოვიდეს და ის "სილამაზის სტანდარტებს" ვერ აკმაყოფილებს.

ტაბულა რამდენიმე დღეში შემოგთავაზებთ არმინე არუთინიანთან ინტერვიუს სრულ ვიდეოს.

კომენტარები