ვენესუელა

წელს რუსეთიდან ვენესუელაში $315 მილიონი ნაღდი ფული გაიგზავნა

.bbci.co.uk

2018 წლის აპრილიდან, 2019 წლის მაისამდე რუსეთიდან ვენესუელაში ნაღდი ფულის სახით 315 მილიონი დოლარი გაიგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ ImportGenius-ზე დაყრდნობით Bloomberg-ი ავრცელებს. 

ეს თანხა მოსკოვიდან კარაკასში ხუთი ავიარეისის მეშვეობით მოხვდა. აპრილში 97 მილიონი დოლარი რუსულ-ვენესუელურმა ბანკმა, მოსრანბანკმა გააგზავნა. ხოლო მაისში რამდენიმე დღის შუალედში გაზპრომბანკმა ვენესუელაში ჯერ 113 მილიონი ევრო, ხოლო მოგვიანებით 50 მილიონი დოლარი გააგზავნა. 

თითოეულ შემთხვევაში თანხის მიმღები ვენესუელის სოციალური და ეკონომიკური განვითარების ბანკი [Bandes] იყო. ამ თანხების მოძრაობა შესაძლოა უკავშირდებოდეს ვენესუელას ხელისუფლების გადაწყვეტილებას უცხოეთში არსებული აქტივებისა და დივიდენდების განაღდების შესახებ. ასევე, არსებობს ვერსია, რომლის მიხედვით მოსკოვიდან გაგზავნილი ნაღდი ფული რუსეთისთვის მიწოდებული ნავთობისა და ოქროს საფასურია. 

ვენესუელაში უკვე რამდენიმე წელია უმძიმესი ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი მძვინვარებს. იანვარში პარლამენტის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ პრეზიდენტი მადურო არალეგიტუმად ცნო და თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა. 

მაისში გუადო მის მხარდამჭერებთან ერთად მადუროს ჩამოგდებას შეეცადა, თუმცა მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. იანვრის მოვლენების შემდეგ, მალევე ვრცელდებოდა ცნობები რუსი დაქირავებული სამხედროების შესახებ, რომლებიც კარაკასში მადუროს რეჟიმის დასაცავად ჩავიდნენ. 

ასევე, არსებობს რამდენიმე გახმაურებული საქმე რუსეთისა და ვენესუელას აქტიური ეკონომიკური და ბიზნეს თანამშრომლობის შესახებაც. 

 

კომენტარები