ცრუ დასმენა

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც სადაზღვეოსგან თანხის მისაღებად თქვა, რომ მანქანა მოპარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, თაღლითობის მცდელობის და ცრუ დასმენის ბრალდებით, 1960 წელს დაბადებული ფ.ს. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბერში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან ავტომობილი მოიპარეს. 

მათივე ცნობით, გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ ავტომობილის მფლობელმა, საქართველოს და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფ.ს.-მ, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, სადაზღვეო კომპანიისგან თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მიღების მიზნით, თავისი კუთვნილი ავტომობილი მეგობრის ავტოფარეხში დააყენა, ხოლო სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ავტომობილი მოჰპარეს.

ავტომობილის ქურდობის შესახებ პოლიციისთვის შეტყობინების შემდეგ, ფ.ს.-მ საქართველო მალევე დატოვა. სამართალდამცველებმა, იგი მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცრუ დასმენასა და თაღლითობის მცდელობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები