პრეზიდენტის შეწყალება

ზურაბიშვილი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე: ჩემ გადაწყვეტილებას ძალიან გავუფრთხილდები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხი ძალიან სენსიტიურია. 

მისი თქმით, საზოგადოებაში არის ვნებათაღელვა, ამიტომ საკუთარ გადაწყვეტილებას "ძალიან გაუფრთხილდება". 

"ისედაც, ჯერ წესები არ არის ახალი ჩამოყალიბებული. ამაზე ვმუშაობთ და როგორც კი იქნება მზად პრეზიდენტის ახალი ბრძანებულება, ამას გაგაცნობთ. მერე რაც საჭიროა, იმ დროს დავფიქრდები, რათა მიღებული გადაწყვეტილება იყოს ყველასთვის გასაგები"- ამბობს პრეზიდენტი. 

31 ოქტომბრის სხდომაზე წმიდა სინოდმა გადაწყვიტა, პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართოს. სინოდის სხდომის მდივნის, მეუფე დანიელის თქმით, მიზეზი დეკანოზის "ჯანმრთელობისა და ოჯახის რთული მდგომარეობაა". 

2 ნოემბერს განცხადება გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, სადაც ეწერა, რომ შეწყალების საქმეების განხილვა არ განახლებულა. ამავე დღეს საპატრიარქოს იურისტმა თქვა, რომ სინოდის წევრებს პრეზიდენტისთვის ჯერ ოფიციალური შუამდგომლობით არ მიუმართავთ. 

პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ მან შეწყალების ფარგლებში მკვლელობაში ბრალდებულები და პროკურატურის მიერ წლების განმავლობაში ძებნილი პირები შეიწყალა. 

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 5 სექტემბერს ის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

მამალაძის ოჯახი, ასევე მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მის შეწყალებას წელიწადზე მეტია, ითხოვს. პეტრე ცაავა საპატრიარქოს სწორედ მამალაძის საკითხზე დაუპირისპირდა.

კომენტარები