დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპმა ბორის ჯონსონს და ნაიჯელ ფარაჟს თანამშრომლობისკენ მოუწოდა

ბორის ჯონსონი და დონალდ ტრამპი
Getty

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს და ბრექსითის პარტიის ლიდერს, ნაიჯელ ფარაჟს მოუწოდა ერთად იმუშაონ იმისათვის, რომ ევროკავშირის დატოვების შემდეგ ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის ვაჭრობის გაზრდის პერსპექტივა დაიცვან.

"ჩვენ მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკა ვართ, და თუ [ბრექსითი] კონკრეტული გზით მოხდება, ჩვენ შესაძლოა დიდი ბრიტანეთთან ვაჭრობა ვეღარ შევძლოთ. ეს ძალიან ცუდი იქნება ბრიტანეთისათვის, რადგან ჩვენ ბევრად მეტი ბიზნესის კეთება შეგვიძლია, ვიდრე ევროკავშირს." თქვა მან.

თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას მან თქვა, რომ ჯონსონიც და ფარაჟიც მისი მეგობრები არიან, თუმცა ამ მომენტისათვის "შესაფერისი პიროვნება" ჯონსონია. კითხვაზე რომელს უჭერს მხარს ტრამპმა უპასუხა:

"მე ორივე მომწონს. ჩემი აზრით ბორისი მართალია. ისინი ორივე ჩემი მეგობრები არიან. რისი ნახვაც მინდა არის მათი თანამშრომლობა. ჩემი აზრით ეს შესაძლებელია. თუ თქვენ ძალებს გააერთიანებთ შეუჩერებლები იქნებით."

ტრამპმა ფარაჟს გასულ კვირას რადიო ინტერვუშიც მიმართა და უთხრა, რომ ლეიბორისტული პარტიის გამარჯვება ბრიტანეთისათვის ძალიან ცუდი იქნება.

ფარაჟი ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ჯონსონს მხარს დაუჭერს, თუ ის ევროკავშირთა მიღწეულ ბრექსითის ახალ შეთანხმებაზე უარს იტყვის და შეთანხმების გარეშე გასვლას დათანხმდება.

მან ჯონსონს მოუწოდა ბრექსითის მომხრე პარტიებთან ალიანსში შევიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კონსერვატიულ პარტიას 12 დეკემბრის არჩევნებში ამომრჩევლების წართმევით ემუქრება.

ფარაჟმა თქვა, რომ თუ ჯონსონი მის მოწოდებას 14 ნოემბრამდე არ დათანხმდება, მისი პარტია პარლამენტში ყველა ადგილისათვის იბრძოლებს.

კონსერვატიულ პარტიაში მის მოწოდებაზე უარი თქვეს. კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე ჯეიმს ქლევერლი ამბობს, რომ ფარაჟისათვის ხმის მიცემა ლეიბორისტულ პარტიას დაეხმარება მთავრობაში მოსავლაში და ბრექსითს გააუქმებს.

ფარაჟმა თქვა, რომ თავად პარლამენტში ადგილისათვის კენჭს არ იყრის, მაგრამ მთელი ქვეყნის მასშტაბის წინასაარჩევნო კამპანიაში ჯონსონის ბრექსითის შეთანხმების წინააღმდეგ აქტიურად იქნება ჩართული.

შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში ვადამდელი არჩევნები 12 დეკემბერსაა ჩანიშნული.

ჯონსონმა არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც პარლამენტმა მისი ბრექსითის შეთანხმების ნაჩქარევ ვადაში განხილვაზე უარი თქვა და ის იძულებული გახდა ევროკავშირისათვის ბრექსითის გადავადება იანვრის ბოლომდე ეთხოვა.

კომენტარები