ინფლაცია

ოქტომბერში ინფლაციამ 6.9% შეადგინა

Reuters

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2019 წლის ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებელმა 6.9%-ს მიაღწია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3%-ია.

სექტემბერთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.8% იყო.

ინფლაციასთან ბრძოლის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 23 ოქტომბერს რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-მდე გაზარდა. სექტემბერში კი ეროვნულმა ბანკმა ორჯერ გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი - ჯერ 6.5%-დან 7%-მდე, ხოლო შემდეგ 7%-დან 7.5%-მდე.

როგორც ეროვნულ ბანკში ამბობენ, ამის მთავარი მიზეზი მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია იყო, რასაც ვალუტის გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი განაპირობებდა

რა არის რეფინანსირების განაკვეთი?

2008 წლის სექტემბრიდან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხები აამოქმედა.

რეფინანსირების სესხები ეროვნული ბანკის კომერციული ბანკებისთვის ერთკვირიანი სესხების გაცემას გულისხმობს.

შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთი არის ის პროცენტი, რომელშიც კომერციულ ბანკებზე სესხი გაიცემა.

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შემთხვევაში, კომერციული ბანკები, ბუნებრივია, ნაკლებს ისესხებენ. მოსალოდნელია კომერციული ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთის გაზრდაც. შედეგად, შემცირდება ფულის მასა ბაზარზე, რამაც უნდა შეამციროს ინფლაცია და გაამყაროს ეროვნული ვალუტა, სამაგიეროდ უარყოფითი ეფექტი ექნება ეკონომიკურ აქტივობაზე.

.

კომენტარები