დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საქმე

მეუფე პეტრე მამალაძეზე: თუ პრეზიდენტმა დაფრანგულობის გზა აირჩია, ეს არის დადგმული სცენარი

allnews.ge

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის თქმით, თუ საქართველოს პრეზიდენტი სინოდის თხოვნაზე დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით თავი შეიკავა, ეს ნიშნავს, რომ სინოდის გადაწყვეტილება "დადგმული სცენარი" იყო, რათა საპატრიარქოს პასუხისმგებლობა მოეხსნა.

"თუ პრეზიდენტმა ისევ დაფრანგულობის გზა აირჩია და თავი შეიკავა ამ საკითხის, ანუ წმიდა სინოდისა და პატრიარქის მიმართვის დასაკმაყოფილებლად, მაშინ, როდესაც ის ამბობდა, რომ პატრიარქის შეურაცხყოფას გმობს, ასევე დასაგმობი იქნება პატრიარქის თხოვნის იგნორირება. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდება მისი საქციელი დაფრანგულობის ფორმატში, როგორც მე მას მივმართე გამოდის, რომ ეს არის დადგმული სცენარი, წინასწარ შეთანხმებული გეგმა, რომ საპატრიარქომ მოიხსნას მორალური პასუხისმგებლობა, უშუამდგომლოს მაგრამ პრეზიდენტმა თქვას უარი", - თქვა მეუფე პეტრე ცაავამ მარტვილში, ეპარქიის დატოვებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე. 

მან ასევე აღნიშნა, საპატრიარქოს გულწრფელობის შემთხვევაში არსებობს ალტერნატივა და ეს არის მიმართვა იუსტიციის მინისტრისადმი, რათა დეკანოზ გიორგი მამალაძეს მკურნალობის მიზნით სასჯელი გადაუვადდეს.

"საპატრიარქომ სასწრაფოდ უნდა მისწეროს წერილი იუსტიციის მინისტრს, ვინაიდან მიზეზი შუამდგომლობისა იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, არსებობს კანონი, რის თანახმადაც ხდება პატიმრის სასჯელის გადავადება მკურნალობის მიზნით. ანუ პატიმარს ათავისუფლებენ ციხიდან სამკურნალოდ, შემდეგ ის ისევ უბრუნდება სასჯელაღსრულების დაწესებულებას. აი ამ პუნქტით, შესაძლებელია, რომ თუ პრეზიდენტი გახდება არაადეკვატური, იუსტიციის სამინისტრომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება და დააკმაყოფილოს საპატრიარქოს თხოვნა", - აღნიშნავს მეუფე პეტრე.

მისივე თქმით, თუ თუ პრეზიდენტი, რომელიც სხვებს მოუწოდებდა პატრიარქის პატივისცემისკენ, არ გაითვალისწინებს სინოდის თხოვნას, შეურაცხყოფას მიაყენებს არამარტო სინოდს, ასევე პატრიარქსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

"როცა ის ჩვენ მოგვიწოდებდა პატრიარქის პატივისცემისკენ, გამოდის, რომ თვითონ ორმაგი სტანდარტით, ფარისევლობს, როდესაც პატრიარქის და სინოდის თხოვნას არ სცემს პატივს. ამით ის შეურაცხყოფა აყენებს არამარტო პატრიარქს, არამედ მთელ წმიდა სინოდს, მთელ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას", - ამბობს პეტრე ცაავა.

შეგახსენებთ, 31 ოქტომბრის სხდომაზე წმიდა სინოდმა გადაწყვიტა, პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართოს. სინოდის სხდომის მდივნის, მეუფე დანიელის თქმით, მიზეზი დეკანოზის "ჯანმრთელობისა და ოჯახის რთული მდგომარეობაა". 

2 ნოემბერს განცხადება გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, სადაც ეწერა, რომ შეწყალების საქმეების განხილვა არ განახლებულა. ამავე დღეს საპატრიარქოს იურისტმა თქვა, რომ სინოდის წევრებს პრეზიდენტისთვის ჯერ ოფიციალური შუამდგომლობით არ მიუმართავთ. 

პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ მან შეწყალების ფარგლებში მკვლელობაში ბრალდებულები და პროკურატურის მიერ წლების განმავლობაში ძებნილი პირები შეიწყალა. 

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 5 სექტემბერს ის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

მამალაძის ოჯახი, ასევე მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მის შეწყალებას წელიწადზე მეტია, ითხოვს. პეტრე ცაავა საპატრიარქოს სწორედ მამალაძის საკითხზე დაუპირისპირდა.

კომენტარები