საპატრიარქო

მეუფე პეტრე: პატრიარქი თავს სჯულის კანონზე მაღლა აყენებს, ამას გამართლება არ აქვს

0 კომენტარი
ფოტო: რადიო თავისუფლება

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, რომელიც მღვდელმსახურობიდან მას შემდეგ განაყენეს, რაც კათოლიკოს-პატრიარქი "პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვაში" დაადანაშაულა, ამბობს, რომ ბრალდების მტკიცებულებებს მხოლოდ სინოდის სხდომის ფარგლებში წარადგენს. 

წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ეს მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესების დაკმაყოფილება იქნება და ბევრმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ის ჭორაობს. 

"ამიტომ, მე მხოლოდ ვითხოვდი სინოდზე ჯერ გარანტიებს იმისას, რომ სჯულის კანონები აღსრულდება და პატრიარქს ვთხოვე, რომ ის უნდა იყოს გარანტი კანონისა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ პატრიარქი თავის თავს აყენებს კანონზე მაღლა,"- ამბობს მიტროპოლიტი პეტრე.

მეუფე პეტრე ბიბლიიდან იმ მონაკვეთებს იხსენებს, სადაც ბიბლიური პერსონაჟები, როგორიცაა დავით წინასწარმეტყველი და მღვდელმთავარი, რომელმაც ღვთისმშობელი საკურთხეველში შეიყვანა, სჯულის კანონებზე მაღლა დადგნენ, მაგრამ მიტროპოლიტის თქმით, ამ შემთხვევებში ღვთის ნება იყო. 

"არანაირი გამართლება პატრიარქს არ აქვს იმისთვის, რომ კანონზე მაღლა დადგეს. ამიტომ, მე ვითხოვ კანონიკების ფარგლებში იმოქმედოს პატრიარქმა და შემდეგ მხოლოდ ვარ მზად, გავაგრძელო ისევ კანონიკურ ფარგლებში მტკიცებულებების [წარდგენა]," - ამბობს მიტროპოლიტი პეტრე ცაავა. 

31 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც სინოდის დასრულების შემდეგ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში პატრიარქი "პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილად" მოიხსენია, მიტროპოლიტმა პეტრემ განმარტა, რომ ტერმინ "პედერასტიაში" ის "ახალგაზრდა ბიჭების გარყვნას" გულისხმობს და მისივე თქმით, ის ითხოვდა, სხდომა მომდევნო დღესაც გაგრძელებულიყო, სადაც ორ მოწმეს წარადგენდა, რომელიც მის ნათქვამს დაადასტურებდნენ. 

ჭყონდიდის ეპარქიაში ის ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ ჩაანაცვლა, მეუფე პეტრეს კი ჭყონდიდის ეპარქიის დატოვება და მოსანანიებლად შიომღვიმეს მონასტერში წასვლა უბრძანეს, რასაც მიტროპოლიტი არ დაეთანხმა. იგი ითხოვდა, რომ ამ მონასტრის ნაცვლად ის ჭყონდიდის ეპარქიაში შემავალ ამბროსი ხელაიას სახელობის ინჩხურის მონასტერში წასულიყო, რაც საპატრიარქომ არ დააკმაყოფილა. 

მიტროპოლიტი ამბობს, რომ პატრიარქის ამ ბრძანებას არ დაემორჩილება, თუმცა ჭყონდიდის ეპარქიას დატოვებს. მას შემდეგ, რაც პატრიარქმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ინჩხურის მონასტრის წინამძღოლმა, მღვდელმონაზონმა ანდრია სარიამ მონასტერი დატოვა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები