ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში ანტისამთავრობო გამოსვლების დაშლისას 30 ადამიანი დაშავდა

Reuters

ჰონგ-კონგში ანტისამთავრობო გამოსვლების დაშლისას 30 ადამიანი დაშავდა. სამი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

პოლიციამ კვირას აქციები სავაჭრო ცენტრებთან დაშალა და ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა.

შაბათს მომიტინგეებმა Xinhua-ს ოფისის კარი და ფანჯრები ჩაამსხვრიეს და მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს.

დაჭრილებს შორის არის კაცი, რომელმაც Cityplaza-სთან დანით რამდენიმე ადამიანი დაჭრა და ერთ-ერთ პოლიტიკოსს ყური მოაჭამა. მას დემონსტრანტებმა სცემეს. პოლიციის თქმით ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულია 3 ადამიანი.

სულ, უკანასკნელი 3 დღის განმავლობაში დაკავებულია 300-ზე მეტი ადამიანი.

დაშავებულთა შორის არის 12 პოლიციელიც.

მომიტინგეებმა სოციალურ მედიაში გაავრცელეს პროტესტის გეგმა. მათ სურთ, რომ მოდევნო დღეებში, მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგში ნიღბები აიკრძალა, გაი ფაუკსის დღის აღსანიშნავად V for Vendetta-ს ნიღბებით გამოვიდნენ.

ჰონგ-კონგის აქციები თავდაპირველად ჰონგ-კონგიდან კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო, რაც რამდენიმე თვეში დაკმაყოფილდა, თუმცა დროთა განმავლობაში მომიტინგეების მოთხოვნები გაიზარდა. ისინი ახლა პოლიციის უფლებამოსილების გადამეტების დამოუკიდებელ გამოძიებას, თავისუფალ არჩევნებს და ზოგადად, პეკინის გაზრდილი გავლენისგან გათავისუფლებას ითხოვენ. აქციები არაერთხელ ძალადობრივად დაშალეს, რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი, პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენეს.

არსებობს ეჭვი, რომ ოფიციალური პეკინი დიდხანს არ აიტანს ჰონგ-კონგის პროდემოკრატიულ აქციებს, რაც საბოლოოდ ერთპარტიულ კომუნისტურ მმართველობას უქმნის საფრთხეს. 

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით, რითაც ჰონგ-კონგს განსაკუთრებული ავტონომია მიენიჭა. ამ პირობებს ვადა 2047 წელს ეწურება. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები