ნიკა გვარამიას საქმე

ომბუდსმენი: გვარამიას ბრალი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის ნიშნების არ შეიცავს

ტაბულა

საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორისთვის პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს არ შეიცავს.

ომბუდსმენის აპარატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკა გვარამიას საქმეზე სასამარღლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა.

"სასამართლომ სიღრმისეულად უნდა იმსჯელოს და შეაფასოს რამდენად წარმოადგენს სადავო ქმედება სისხლისსამართლებრივ დანაშაულს თუ ის განხილული უნდა იყოს საკორპორაციო-სამართლებრივ ჭრილში", - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

​ომბუდსმენის აპარატში განმარტავენ, რომ სასამართლოს მეგობრის მოსაზრების მიზანი არ არის პროცესის რომელიმე მონაწილის, მათ შორის, ბრალდებულის მხარდაჭერა და მისი დანიშნულებაა სასამართლოს განსახილველი სამართლებრივი საკითხის სათანადოდ შეფასებაში დაეხმაროს.

"კანონმდებლობისა და საერთაშორისო გამოცდილების/სტანდარტების გათვალისწინებით, საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება. დირექტორის გადაწყვეტილება, თუნდაც ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობდეს, შესაძლებელია ემსახურებოდეს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს და უზრუნველყოფდეს მოკლე, ან გრძელვადიანი რისკების დაზღვევას", - ამბობს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენი მიუთითებს, რომ საწარმოს საუკეთესო ინტერესი დირექტორისგან სამეწარმეო რისკების გაწევას მოითხოვს. სახალხო დამცველის განმარტებით, დირექტორი არ უნდა უფრთხოდეს იმას, რომ წარსულში მიღებულ სამეწარმეო გადაწყვეტილებას სასამართლო დანაშაულებრივად მიიჩნევს მხოლოდ მისი უარყოფითი შედეგიდან გამომდინარე.

"მით უმეტეს, თუ ამ ქმედებიდან არ იკვეთება დომინანტური მდგომარეობის არსებობა ან მისი ბოროტად გამოყენება და შესაძლებელია დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გონივრულად განმარტება", - დასძენს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ამ გარემოებებზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს და დასაბუთებული პოზიცია წარმოადგინოს, რადგან ამ გარემოებების გადაწყვეტა უშუალო გავლენას ახდენს როგორც თავად ნიკა გვარამიას უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფაზე, ასევე, სასამართლოს შემდგომ პრაქტიკაზე.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ საქმის შესწავლა 2019 წლის 29 აგვისტოს, საკუთარი ინიციატივით დაიწყო და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები სრულად გააანალიზა.

რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის, ადვოკატის განცხადების საფუძველზე, პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა. მას საგამოძიებო უწყება გამორჩენის მიზნით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. პროკურატურის მტკიცებით, გვარამიას ქმედებების შედეგად რუსთავი 2-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა. 1 ნოემბერს კი ცნობილი გახდა, რომ გვარამიას ბრალი დაუმძიმდა - პროკურატურა მას Porsche Macan S-ის ე.წ "ბარტერის" საფუძველზე ყიდვას ედავება, რითიც რუსთავი 2-ს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

კომენტარები