ქართველი მეზღვაურის გატაცება

ტოგოში მეკობრეებმა 4 მეზღვაური გაიტაცეს, მათ შორის ერთი ქართველია

ტოგოში საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე თავდასხმისას 4 მეზღვაური გაიტაცეს. მათ შორის ერთი ქართველია. ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. გემის ეკიპაჟი სულ 24 წევრისგან შედგებოდა. გატაცებულებს შორის ქართველის გარდა, ერთი ბერძენი და ორი ფილიპინელია.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემთმფლობელმა კომპანიამ ქართველი მეზღვაურის გატაცების ფაქტი დაადასტურა და მუშაობენ გატაცებულების გათავისუფლების საკითხზე.

"ელოდებიან გამტაცებლების მხრიდან კომუნიკაციას, რომლიც კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, არსებული გამოცდილებით, უახლოეს ორი-სამი დღის განმავლობაში შეიძლება შედგეს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ ყველა შესაძლო გზით ქართველი მეზღვაურის ტყვეობიდან უსაფრთხოდ დასახსნელად. უკვე დავუკავშირდით ოჯახის წევრებს. თუმცა, ქართველი მეზღვაურის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია არ გავრცელდეს მედიის საშუალებით მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია," - წერია სააგენტოს განცხადებაში.

ინფორმაცია მეზღვაურების გატაცების შესახებ „როიტერსმა“ გაავრცელა. მათი ინფორმაციით, 4 ნოემბერს ტოგოს სანაპიროსთან, ბერძნულ ტანკერ Elka Aristotle-ს მეკობრეები დაესხნენ თავს და ეკიპაჟის 4 წევრი ტყვედ აიყვანეს.

კომენტარები