რუსული პროპაგანდა

MDF: აშშ-ის მიერ სანქცირებული გამოცემის ავტორი ქართულ სსიპ-ში ინგლისურს ასწავლის

ჯეფრი სილვერმენი
veteranstoday.com

მედიის განვითარების ფონდის ინფორმაციით, აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის მიერ სანქცირებული USA Really-ის ავტორი და ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ რუსული სახელისუფლებო მედიების ერთერთი მთავარი წყარო, ჯეფრი სილვერმანი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამის "ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად" მოხალისე მასწავლებელია. 

სილვერმანი სსიპ-ში საზოგადოებრივ კოლეჯში "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი" ინგლისურ ენას ასწავლის. სსიპ კოლეჯის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციით, კოლეჯი პროგრამაში 2018 წლიდან ჩაერთო და სილვერმანი ინგლისური ენის სწავლებასთან ერთად "სტუდენტებისთვის მრავალფეროვან პროექტებს ახორციელებს". 

USA Really-ის დამფუძნებელი ალექსანდრ მალკევიჩი, რომლისთვისაც სტატიებს ჯეფრი სილვერმანი 2018 წლის ივნისიდან წერს, აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა იმავე წელს სანქციების სიაში შეიყვანა. დეპარტამენტის განცხადებით, გამოცემას "ინტერნეტის კვლევების სააგენტო" ფლობს ან აკონტროლებს, რომელიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის, ორგანიზაციაა და ასევე ცნობილია, როგორც "პეტერბურგის ტროლების ფაბრიკა".

MDF-ის ინფორმაციით, მალკევიჩი ახლა რუსეთის საზოგადოებრივი პალატის მასობრივი კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეა. პალატას რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს. ორგანიზაციისვე ცნობით, Foreign Policy-ის სტატიის თანახმად, 2019 წლის მაისში მალკევიჩთან დაკავშირებული ორი პირი ლიბიის პოლიციამ არჩევნებზე გავლენის მოხდენის ბრალდებით დააკავა. 

ორგანიზაციის ცნობით, სილვერმანი ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ რუსული სახელისუფლებო მედიების ერთერთი წყაროა, რომელსაც რუსეთის პირველი არხი სამხედრო ექსპერტად მოიხსენიებს, Россия24 კი საქართველოში მცხოვრებ ამერიკულ ჟურნალისტს, რომელმაც ლუგარის ლაბორატორია ბიოლოგიური იარაღის გამოცდაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც მას თბილისში სცემეს და ქართულმა სადაზვერვო სამსახურებმა ის დაკითხეს. 

"ამერიკის შეერთებული შტატებისა და ლუგარის ლაბორატორიის გარდა, სილვერმანი ყარსის ხელშეკრულების შესახებ კონსპირაციების გავრცელებით შიშებსაც თესავს, რაც კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი ნარატივია,"- წერს MDF. 

კომენტარები