NGO-ები პროკურატურას: დაუყოვნებლივ მიანიჭეთ სტატუსი 20-21 ივნისს დაზარალებულებს

ტბელ აბუსერიძე

არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურას მოუწოდებენ, 20-21 ივნისის ღამის ყველა დაზარალებულს სამართლებრივი სტატუსი მიანიჭონ და საქმე დროულად, სრულყოფილად და ობიექტურად გამოიძიონ. 

ორგანიზაციები ანიშნავენ, რომ "საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეთა დაშლისას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული მოხელეების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა, დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ 4 სამოქალაქო პირს აქვს მინიჭებული.

სხვა პირებთან ერთად, პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა მაკო გომურს და გიორგი სულაშვილს, რომლებმაც რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგეს.

დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვთ მინიჭებული ჟურნალისტებს, რომლებმაც მძიმე დაზიანებები მიიღეს, მაგალითად, თამარ ბაღაშვილს, დაზარალებულის სტატუსი არ აქვს არც ირაკლი ხვადაგიანს, რომელმაც დაზიანება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა.

პარალელურად, საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში, აქციის 17 მონაწილეს წარედგინა ბრალი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 67 თანამშრომელი დაზარალებულად არის ცნობილი.

პროკურატურის განმარტებით, დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი. ერთის მხრივ, პროკურატურა ადასტურებს, რომ "მითითებულმა პირებმა დაზიანება 20-21 ივნისს, საპროტესტო შეკრების შეწყვეტისას მიიღეს და საქმეზე მმოპოვებული სამედიცინო დოკუმენტაცია/ინფორმაციაც ადასტურებს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტს", თუმცა, ამას არ მიიჩნევს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისთვის საკმარის საფუძვლად და ექსპერტიზის შედეგებს ელოდება. 

პროკურატურის განმარტებით, დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად, მნიშვნელოვანია, ექსპერტიზამ დაადგინოს ჯანრმთელობის დაზიანების ხარისხი". 

აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების კონკრეტული ვითარება და საფუძვლები. დაზარალებულ 16 პირს  სტატუსის მინიჭებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომაც უარი უთხრა. სასამართლომ განმარტა, რომ  საქმეზე დასაბუთებული ვარაუდით არ დგინდება, რომ ჩადენილია დანაშაული და უშუალოდ რა დანაშაულის შედეგად მიადგა პირს რომელიმე სახის ზიანი. მაკო გომურისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ განმარტა, რომ "სასამართლომ გაითვალისწინა ის სამართლებრივი მექანიზნები და კანონმდებლობა, რომლებიც დღეს საქართველოში არსებობს. შესაბმისად, მას არ მიენიჭა დაზარალებული სტატუსი. თუ ამ მიმართულებით კანონმდებლობა შეიცვლება, მაშინ მას მიენიჭება დაზარალებული სტატუსი. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მას ვერ მიენიჭება დაზარალებულის სტატუსი, აქედან გამომდინარე, მას არ აქვს ეს სტატუსი". 

ორგანიზაციები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არსებული კანონმდებლობა ცალსახად ადგენს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ საფუძველს. დაზარალებულად მიიჩნევა პირი, რომელსაც დანაშაულის შედეგად მიადგა მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი.

შესაბამისად, მათი თქმით, როდესაც დგინდება, რომ დანაშაულებრივმა ქმედებამ გამოიწვია რაიმე ტიპის ზიანი, პროკურორი ვალდებულია, პირს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს, მიუხედავად იმისა, უკვე იდენტიფიცირებულია თუ არა ის პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა.

"20-21 ივნისის საქმეებზე ცალსახად დგინდება, რომ დაზარალებულთა ნაწილმა დაზიანებები რეზინის ტყვიის უკანონო გამოყენების შედეგად მიიღეს, მათ შორის, რეზინის ტყვიები გამოყენებული იყო ჟურნალისტების მისამართით, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად იყვნენ. დაზარალებულთა ნაწილმა დაზიანებები მაშინ მიიღეს, როდესაც ისინი პოლიციის ეფექტური კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ. ყველა ჩამოთვლილი შემთხვევა შეიცავს დანაშაულის აშკარა ნიშნებს.  

სასამართლოსა და პროკურატურის მოქმედებები ადასტურებს, რომ სახელმწიფოს არ სურს აღიაროს ის ზიანი, რაც სამართალდამცავთა მხრიდან 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად სამოქალაქო პირებს, მათ შორის, ჟურნალისტებს მიადგათ, რაც ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების მიმდინარეობის მთლიან პროცესს. გამოძიების პროცესში დაზარალებულის სტატუსს მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა არ აქვს და დაზარალებულად ცნობით პირს ეძლევა საქმის მასალებზე წვდომა. აღნიშნული კი,  საბოლოო ჯამში, ასევე წარმოადგენს ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტიას", - წერია ორგანიზაციების განცხადებაში. 

მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით ისინი საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოუწოდებენ: 

  • დაუყოვნებლივ მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი ყველა იმ პირს, რომლებიც 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად სამართალდამცავთა ქმედებების შედეგად დაზიანდნენ;
  • მიმდინარე საქმეზე დროულად ჩატარდეს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება;
  • მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, პერიოდულად მოხდეს საზოგადოების ინფორმირებულობა საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროგრესის შესახებ.

20-21 ივნისს გავრილოვის ღამეს, ანტირუსული აქციის დაშლის დროს 275 პირი დაზარალდა, მათ შორის - 187 სამოქალაქო პირი, 32 ჟურნალისტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა 28 პირს დასჭირდა. მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული - 4 პირს. დადასტურებულია, რომ ტრავმის შედეგად 2-მა სამოქალაქო პირმა ცალი თვალი დაკარგა, ასევე, რამდენიმე დაზარალებულს მნიშვნელოვნად დაუზიანდა მხედველობა.

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები: 

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI)
  • ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • საზოგადოება და ბანკები
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება(ISFED)
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  • ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის (RIVG)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  • მწვანე ალტერნატივა
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი

კომენტარები