სოფო კილაძე

ლომჯარია კილაძეზე: ოჯახში ძალადობას არა აქვს სოციალური სტატუსი, ასაკი, რელიგია

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მსხვერპლილ ქალისთვის ძალიან რთულია, საჯაროდ ისაუბროს მის მიმართ ძალადობაზე, განსაკუთრებით, თუ ის საჯარო პირია. 

თუმცა, მისი თქმით, მსხვერპლ ქალებს ყველა გვერდით უნდა დაუდგეს, ასევე, ყველა ქალმა უნდა ამოიღოს ხმა და სხვებს მაგალითი მისცეს. 

"ქალმა საჯაროდ ისაუბროს მის მიმართ ჩადენილ ძალადობაზე ჩვენ საზოგადოებაში ძალიან, ძალიან რთულია, ხოლო საჯარო პირმა, პოლიტიკოსმა და ცნობადმა სახემ - 10 000-ჯერ უფრო რთული და ძალიან დიდ გამბედაობას მოითხოვს. ოჯახში ძალადობას არა აქვს სოციალური სტატუსი, ასაკი, რელიგია, მისი მსხვერპლი შეიძლება გახდეს ყველა. სირცხვილი არ არის, იყო მსხვერპლი, არც მსხვერპლის "ბრალია", იყოს მსხვერპლი. სახელმწიფო იმიტომ არსებობს, რომ უნდა დაგვიცვას ასეთ ვითარებაში, საზოგადოება გვერდით უნდა დაუდგეს მათ. ყველა ქალმა უნდა ამოიღოს ხმა ძალადობის დროს და მისცეს სხვებს მაგალითი!", - დაწერა ლომჯარიამ ფეისბუქზე. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ რუსთავი 2-ს დაუდასტურა, რომ ყოფილი ქმარი მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა, რის გამოც დაახლოებით 2 კვირის წინ დეპუტატმა პოლიციას მიმართა.

კილაძის განცხადების საფუძველზე სასამართლო სხდომა გაიმართა. მოსამართლემ შემაკავებელი ორდერი გამოწერა. 

კილაძემ რუსთავი 2-თან თქვა, რომ ფიზიკური ძალადობის შესახებ გავრცელებულ ცნობას არ ადასტურებს. 

"დიახ, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვიყავი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი და მე ვარ მაგალითი, რომ ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის უფლებადამცველი, მათ შორის პარლამენტის წევრი, შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში.

ამასთანავე, მე ვუფრთხილდები გარშემომყოფი ადამიანების ემოციურ მდგომარეობას, მათ ჯანმრთელობას, ჩემ არასრულწლოვან შვილს, მის საუკეთესო ინტერესს და აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მეტ დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით.

ფიზიკურ ძალადობას არ ვადასტურებ, არ ვიცი საიდან მოიტანეს ეს ინფორმაცია, თუ აქვთ ნანახი შემაკავებელი ორდერი, იქ იყო მხოლოდ ფსიქოლოგიური ძალადობა", - უთხრა კურიერს სოფიო კილაძემ. 

კილაძის ყოფილი ქმარი 1988 წელს დაბადებული ავთანდილ ხარაძეა

კომენტარები