ძალადობრივი ჯგუფები

ომბუდსმენი შსს-ს: გაატარეთ პრევენციული ღონისძიებები "ქართული მარშის" განცხადებებზე

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს გატარდეს პროაქტიული პრევენციული ღონისძიებები „ქართული მარშის“ მიერ კინოფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებისას კინოთეატრების შესასვლელების ბლოკირების დაანონსებასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის თქმით, მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა უწყებამ უზრუნველყოს როგორც ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა, ასევე კინოჩვენებაზე დამსწრე ყველა პირის უსაფრთხოება.

პრევენციული ღონისძიებების გატარების მოთხოვნით სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა მინისტრს ოფიციალური წერილით დღეს, 2019 წლის 5 ნოემბერს მიმართა.

"შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით დაცულია მხოლოდ მშვიდობიანი შეკრების შესაძლებლობა და არა იმგვარი ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას. აღნიშნული მიზნით, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონი აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს, მათ შორის დაუშვებელია შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების ბლოკირება," - განმარტავს სახალხო დამცველი. 

ნინო ლომჯარია მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ შეკრების ორგანიზებისა და ჩატარების კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევისგან, მათ შორის არ მოახდინონ კინოთეატრების შესასვლელების ბლოკირება. რადგან აღნიშნული ვალდებულებების დარღვევისთვის, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს საქართველოს კინოთეატრებში ფილმის And Then We Danced პრემიერა გაიმართება. 

„ქართული მარშის“ ლიდერის, სანდრო ბრეგაძის თქმით, მისი მოძრაობა ლგბტ თემაზე გადაღებული მხატვრული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“  პრემიერის ჩაშლას და კინოთეატრების ბლოკირებას გეგმავს.

გურამ ფალავანდიშვილი კი აანონსებს, რომ მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ და თავად დაიკავებენ დარბაზებს. 

ლევან აკინის ფილმი And Then We Danced ოსკარის 92-ე ცერემონიაზე შვედეთის სახელით უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიგზავნება.

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ლევან აკინის დრამამ ისეთ ფილმებს და რეჟისორებს გაუსწრო, როგორიცაა კვენტინ ტარანტინო, დექსტერ ფლეტჩერი და სხვები. 

კომენტარები