სექსუალური შევიწროება ეკლესიაში

"ყველაფერი იკადრეს" - მთავარეპისკოპოსი ზოსიმე სტუდენტის სექსუალურ შევიწროებას უარყოფს

მეუფე ზოსიმე

წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი სტუდენტის სექსუალურ შევიწროებას უარყოფს. მეუფე ზოსიმეს თქმით, სტუდენტები მისი სემინარიიდან წასვლას იმის გამო ითხოვდნენ, რომ მათგან სულიერებას და შინაგანაწესის დაცვას ითხოვდა.

"ეს იყო 30 თუ 31 წლის წინ, არც ის გიორგი სხილაძე მახსოვს, არც ის კალაძე მახსოვს, საერთოდ წაერმოდგენა არ მაქვს, არ ვიცი და ერთადერთი ეს იყო, რომ ჩვენ მოვთხოვეთ სულიერება და შინაგანაწესის დაცვა. ეროვნული გრძნობა ხომ არის უსათუთესი და სულიერება იმაზე მეტია. აქ მოხდა რაღაცა, სულიერებას დაუპირისპირდნენ ესენი და ის მტრობა აქეთ გადმოიტანეს, ჩვენკენ გადმოიტანეს და მერე ყველაფერი იკადრეს" - ამბობს მეუფე ზოსიმე მთავართან საუბარში.

წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი ფიქრობს, რომ მღვდელი გიორგი სხილაძე, რომელმაც მისი ხელწერილი გაასაჯაროვა, "ვიღაცების წაქეზებით მოქმედებდა". მისივე თქმით, ხელწერილი ნამდვილად თავად დაწერა და პირადი განცხადებით სასულიერო სემინარიის დატოვება სურდა, თუმცა, მეუფე ზოსიმე ამბობს, რომ ეს სექსუალურ შევიწროებას არ უკავშირდებოდა.

"ეს [გიორგი მსხილაძის განცხადებები] იყო ანტიეკლესიური გამოსვლა, ეკლესიის წინააღმდეგ გამოსვლა, ეს არ იყო მხოლოდ მეუფის წინააღმდეგ. საერთოდ ეკლესიის წინააღმდეგ იყო გამოსვლა" - ამბობს მეუფე ზოსიმე მთავართან საუბარში.

ტაბულამ მოიპოვა წერილი, რომელიც ინფორმირებული წყაროების ინფორმაციით, 1988 წელს დაწერა სემინარიის სტუდენტმა, რომელიც სემინარიის მაშინდელ რექტორს (ეპისკოპოსს) და წილკნისა და დუშეთის ამჟამინდელ მიტროპოლიტს, ზოსიმეს სექსუალურ შევიწროებაში სდებდა ბრალს. წერილი გაეგზავნა მაშინდელ მარგველ ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძეს. წერილში სტუდენტი დეტალურად ჰყვება მიტროპოლიტის მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლას.

დღესვე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სემინარიისა და აკადემიის ყოფილმა სტუდენტმა, მღვდელმა გიორგი სხილაძემ, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და არ იმყოფება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში, გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც მისი თქმით, მეუფე ზოსიმემ მხილების შემდეგ დაწერა და გადადგა.

სემინარიის დატოვების შემდეგ, ეპისკოპოს ზოსიმეს კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ 1996 წელს ჯერ მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2009 წელს მიტროპოლიტის წოდება მიანიჭა. 

კომენტარები