რელიგიის თავისუფლება რუსეთში

რუსეთში იეჰოვას მოწმეს ექსტრემიზმის ბრალდებით 6 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

tayga.info

რუსეთში ციმბირში იეჰოვას მოწმეს სერგეი კლიმოვს ექსტრემიზმის ბრალდებით 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სიახლეების ვებგვერდი Tayga.info ავრცელებს.

კლიმოვი გასული წლის ივნისში ქალაქ ტომსკში იეჰოვას მოწამეთა ადგილობრივი ორგანიზაციის სავარაუდო "დე ფაქტო ლიდერის" ბრალდებით დააკავეს. 

ტომსკის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კლიმოვს ბრალად ედება "აკრძალული ექსტრემისტული ქსელის ორგანიზება". პროკურორებს მისთვის 7 წლიანი პატიმრობის შეფარდება სურდათ.

პროკურორების თქმით, 2017 წლის აპრილიდან 2018 წლის ივნისამდე კლიმოვი რელიგიური ჯგუფის ახალი წევრების რეკრუტირებას ეწეოდა და მათთან ერთად ერთერთი წევრის სახლში შეხვედრების გასამართად იკრიბებოდა, შემოწირულობებს იღებდა და "პროპაგანდას" ავრცელებდა.

"კლიმოვი თავისი ქმედებებით ძირს უთხრის კონსტიტუციურ წესრიგსა და სახელმწიფო უსაფრთხოებას," - ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში. 

კლიმოვის ადვოკატის თქმით, კლიმოვი ორგანიზაციის ერთერთი დამფუძნებელი არ ყოფილა და სხვა მოწამეებთან მას პირადი შეხვედრები ჰქონდა.

6 წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ კლიმოვს 5 წლით საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობის მიღება და ინტერნეტში პოსტების წერა ეკრძალება.

2017 წელს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ რელიგიური ორგანიზაცია ექსტრემისტულ ორგანიზაციად ცნო და რუსეთის იუსტიციის მინისტრმა ქვეყანაში იეჰოვას მოწმეებს ქადაგება აუკრძალა. 

რუსეთში რელიგიური ორგანიზაციის 175 000 წევრს ექსტრემისტული ლიტერატურის გავრცელება აეკრძალათ.

ამის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით, 80-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც რელიგიური ჯგუფის წევრების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

მარტში იეჰოვას მოწმეების თქმით რუსეთში, ქალაქ სურგუტში საგამოძიებო კომისიის ოფისში დაკითხვისას ისინი გააშიშვლეს, სცემეს და ელექტროშოკით აწამეს.

რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელმა აკრძალვასთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ ეს არის რელიგიური დევნა და რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა იმ ადამიანების მიმართ, ვინც უბრალოდ, საკუთარ რწმენას გამოხატავს. 

რელიგიური ორგანიზაცია რუსეთში 1991 წელს დარეგისტრირდა. საბჭოთა კავშირის დროს ათასობით იეჰოვას მოწმე გადაასახლეს ციმბირში. იმ დროისათვის, სხვა ქრისტიანული დაჯგუფებებიც იდევნებოდნენ.

კომენტარები