And Then We Danced

თანასწორობის მოძრაობა შსს-ს მოუწოდებს დაიცვას And Then We Danced​-ზე დამსწრეთ უსაფრთხოება

თანასწორობის მოძრაობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს დაიცვას ფილმზე "და ჩვენ ვიცეკვეთ" დამსწრეთა უსაფრთხოება.

"ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" მიმართ საზოგადოების ინტერესი დიდია. გაიყიდა ყველა ბილეთი. ამ ფონზე, ჰომოფობიური ჯგუფები ემზადებიან მანიფესტაციის გამართვისთვის, აპირებენ კინოთეატრების გადაკეტვას, რაც ზრდის საფრთხეს, რომ თავს დაესხმებიან ფილმზე დასასწრებად მისულ ადამიანებს. მათ, საპატრიარქოსთან აფილირებულ ჯგუფებს, ზურგს უმაგრებს, ეკლესიის პრესმდივნის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაც, რომ ისინი პროტესტით ხვდებიან ფილმის პრემიერას. 

ვთვლით, რომ ჰომოფობიურად განწყობილ ჯგუფები, მიუხედავად მათი სურვილისა "მაჰათმა განდის მშვიდობიანი მეთოდებით" პროტესტს მიმართონ, შორს დგანან მანიფესტაციის მშვიდობიანი ფორმებისგან. ისინი ხშირად პოლიციასთან კონფრონტაციასაც კი არ ერიდებიან. რაც არაერთხელ დადასტურებულა (12-13 მაისი 2019, 17 მაისი)", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

თანასწორობის მოძრაობა აღნიშნავს იმასაც, რომ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოში გამართულ პრემიერას ვერ ესწრებიან მთავარი როლების შემსრულებელი მსახიობები, რაც დაძაბულ მდგომარეობაზე მიუთითებს.

"არსებულ ვითარებაში, გადამწყვეტი როლი ეკისრება სამართალდამცავ სტრუქტურებს, შეძლებენ თუ არა, რომ დაიცვან მოქალაქეების უსაფრთხოება და უფლება, რომ აუდიტორიამ შეძლოს იმ კინოჩვენებაზე დასწრება, რომლის ნახვის სურვილიც აქვს. კიდევ ერთხელ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, შეძლებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება გაუძლოს ფსევდორელიგიური და ფსევდოტრადიციული ჯგუფების ზეწოლას და დაიცვას სეკულარული დემოკრატიის პრინციპები. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბუნდოვანი განმარტებებიდან გამომდინარე, რომ ისინი "კანონის ფარგლებში იმოქმედებენ", იმედს ვიტოვებთ, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები ადეკვატურად შეაფასებენ მოცემულ ვითარებას და დაიცავენ ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ქართული მარშის ლიდერმა სანდრო ბრეგაძემაც თქვა, რომ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას არ დაუშვებს. მაყურებლების კინოთეატრებში არ შეშვებით იმუქრება გურამ ფალავანდიშვილიც.

ასევე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძეც ამბობს, რომ ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ" არის "ქრისტიანული ფასეულობების კიდევ ერთი დაკნინების მცდელობა" და ამაზე ეკლესია პროტესტს გამოთქვამს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

ლევან აკინის ფილმი And Then We Danced ოსკარის 92-ე ცერემონიაზე შვედეთის სახელით უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიგზავნება.

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ლევან აკინის დრამამ ისეთ ფილმებს და რეჟისორებს გაუსწრო, როგორიცაა კვენტინ ტარანტინო, დექსტერ ფლეტჩერი და სხვები. 

კომენტარები