And Then We Danced

ვასაძე And Then We Danced-ზე: გავწევთ პოლიციელებს, შევალთ საოპერატოროში, ვთიშავთ ფილმის ჩვენებას

ლევან ვასაძე
ტაბულა

პროპუტინური ძალების ლიდერი ლევან ვასაძე ფილმის And Then We Danced-ის ჩვენების ჩაშლას აპირებს და ვერის ბაღში ეპატიჟება ყველას, "ვინც შეურაცხყოფილია იმით, რაც გასულ კვირას აკადრეს ჩვენს პატრიარქს".

"თუ არ გესმით, რომ ეს ერთი და იგივე პროცესია, ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ნგრევისას, შეხედეთ, ვინ გამოესარჩლება ამ ფილმის ჩვენებას და უმალ დაინახავთ, რომ ეს ზუსტად იგივე ხალხია, ვინც ჩვენს პატრიარქს გვიგინებს.

ჩვენი სამოქმედო გეგმა ამჯერადაც ძალიან მარტივია - პარასკევს, 16:00-ზე, დიდი რაოდენობით შევიკრიბებით ვერის პარკში, დავიყოფით ხუთ ჯგუფად და დავიძრებით იმ კინოთეატრებისკენ, სადაც იგეგმება ფილმის ჩვენება.

შევალთ და არ მივცემთ მათ ამ სეანსების ჩატარების უფლებას, თუ დაგხვდება პოლიციის კორდონები, გავწევთ პოლიციელებს და მაინც შევალთ კინოთეატრებში, მოვუწოდებ საამაყო პოლიციელებს -  არ წავიდნენ ერის ტრადიციის წინააღმდეგ და არ დაუშვან ქვეყნის გარყვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შეარცხვენენ საკუთარ გვარებს, ოჯახებს და იძალადებენ საკუთარ ხალხსა და მის ტრადიციებზე.

არავითარი ცემა-ტყეპა, კომბალი და იარაღი, შევდივართ შიშველი ხელებით და ვშლით სეანსებს, შევდივართ საოპერატოროში და ვთიშავთ ფილმის ჩვენებას.

ვისაც არ გინდათ, რომ თქვენი შვილები იზრდებოდნენ ქვეყანაში, სადაც მათ ასეთ ფილმებს საჯაროდ, ოფიციალურად აჩვენებენ და გვირყვნიან, გთხოვთ, ყველაფერი გადადოთ და ეს სამი დღე ჩვენთან ერთად იბრძოლოთ, ნუ იქნებით ჩემს ან სხვების იმედზე, ეს ქვეყანა თითოეული ჩვენგანის დასაცავია" - თქვა ძალადობრივი პროპუტინური დაჯგუფების ლიდერმა.

ლევან ვასაძის გარდა, 8-9-10 ნოემბერს საქართველოს კინოთეატრებში მაყურებლების არშეშვებით იმუქრებიან სანდრო ბრეგაძე და გურამ ფალავანდიშვილი. ასევე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ" არის "ქრისტიანული ფასეულობების კიდევ ერთი დაკნინების მცდელობა" და ამაზე ეკლესია პროტესტს გამოთქვამს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

ლევან აკინის ფილმი And Then We Danced ოსკარის 92-ე ცერემონიაზე შვედეთის სახელით უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიგზავნება.

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.

კომენტარები