ვითარება საპატრიარქოში

თალაკვაძე: არ გამოვრიცხავ ეკლესიის პროცესების უკან ხალხს, ვინც იყო პარლამენტზე შეტევის უკან

ტვ. პირველი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ საპატრიარქოში მიმდინარე პროცესების უკან ის ადამიანები არიან, ვინც "იყვნენ პარლამენტზე მიტანილი ძალადობრივი შეტევის უკან".

"პატრიარქს და ეკლესიას აქვს ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა. არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესების უკან დგანან იგივე ადამიანები, ვინც წინა შემთხვევებში იყვნენ იმ არეულობების უკან, იყვნენ ასევე პარლამენტზე მიტანილი ძალადობრივი შეტევის უკან და პარლამენტის დისკრედიტაციის უკან. საერთო ხაზი, რაც აქ იკვეთება, არის ის, რომ ქვეყანაში მთავარი ინსტიტუტების დისკრედიტაცია და მთავარი ინსტიტუტების წინააღმდეგ შეტევის მიტანა აერთიანებს ამ მოვლენებს, ჩემი დაკვირვებით. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ვერანაირი განცხადებები, ვერანაირი განსხვავებული პოლიტიკური შეფასებები, თუ რაკურსების გამოკვეთა აქ ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას, ვერ შეასუსტებს", - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

პარლამენტზე ძალადობრივ შეტევაში, მაღალი ალბათობით, ის 20 ივნისის მოვლენებს გულისხმობს, როცა მოქალაქეებმა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელზე რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილობის დაჯდომა გააპროტესტეს, სპეცრაზმმა კი აქცია დაარბია.

ცნობისთვის, ციანიდის საქმის შემდეგ, საპატრიარქოში მიმდინარე პროცესები ხელახლა აქტუალური მეუფე იაკობის განცხადებების გამო გახდა. ბოდბელმა ეპისკოპოსმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი, ილია მეორეს მკვლელობას გეგმავდნენ. ამასთან, იაკობ იაკობაშვილისვე თქმით, გიორგი კვირიკაშვილთან, გიორგი გახარიასთან და ვახტანგ გომელაურთან შეხვედრისას მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი გადაეყენებინათ და მის ნაცვლად მოსაყდრე შიო დაეყენებინათ. ამ განცხადებების შემდეგ, მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსი აღარ არის, თუმცა ეპარქიის მმართველად რჩება, რადგან "გამოხატა სინანული".

მეუფე იაკობის განცხადებებიდან მალევე, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ კათოლიკოს-პატრიარქი "პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვაში" დაადანაშაულა. მან თქვა, რომ სინოდის სხდომაზე მტკიცებულებების წარდგენაც შეუძლია. ამ განცხადების საჯაროდ გაკეთებამდე რამდენიმე წუთით ადრე პეტრე ცაავა მღვდელმთავრობიდან ​განაყენეს. მან ჭყონდიდის ეპარქია უკვე დატოვა. პეტრე ცაავა ერთ-ერთი პირველი მღვდელმთავარია, ვინც ილია მეორე საჯაროდ გააკრიტიკა, მისი მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილი კი საპატრიარქოში ჩრდილოვან მმართველობაში დაადანაშაულა. მეუფე პეტრე მხარს უჭერს ციანიდის საქმეში მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის გათავისუფლებას.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია ეკლესიაში სექსუალური შევიწროების შესახებ. მღვდელმა გიორგი სხილაძემ, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში არ იმყოფება, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმეს სტუდენტი კაცის შევიწროებაში დასდო ბრალი. მან გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც მისი თქმით, მეუფე ზოსიმემ მხილების შემდეგ დაწერა და გადადგა.

ტაბულამ მოიპოვა ის წერილიც, რომელიც 1988 წელს სემინარიის სტუდენტმა დაწერა და მეუფე ზოსიმეს სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. მთავარეპისკოპოსი ზოსიმე სტუდენტის სექსუალურ შევიწროებას უარყოფს.

კომენტარები