შენგელია საქართველოს წინააღმდეგ - კერზაიას საქმე სტრასბურგის სასამართლოში დარეგისტრირდა

შენგელია საქართველოს წინააღმდეგ - ზუგდიდის მე-6 სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ევროსასამართლოში სარჩელი დაარეგისტრირა.

"არც ერთი ინსტანცია, არც ერთი მინიმალური შანსი არ დაგვიტოვებია მტკიცებულებების მოსაპოვებლად, საქმეზე სიმართლის დასადგენად. საპასუხოდ ყველა სახელმწიფო უწყებიდან ვიღებდით საქმის გაყალბების ხელშეწყობას, მოწმეებზე ზეწოლას, ტყუილებს, ცინიზმს, არაკომპეტენტურობას. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი შეთანხმებულად მოქმედებდა საქმის გამოძიების შესაწყვეტად, ფაქტების დასამახინჯებლად"- წერს შენგელია Facebook-ზე

მისივე თქმით, სტრასბურგში საქმის ის მასალები გაგზავნა, რომელიც ერთწლიანი ბრძოლით, მეგობრების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით მოიპოვა.

"ახლა ბოლო სიტყვა ევროპიდან უნდა გავიგოთ, სადაც იმედი მაქვს არ ეცდება ჩვენი მთავრობა თავისი საცეცების მიწვდენას.

ჩვენ დღეს სახელმწიფო არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ძალადობრივი რეჟიმი, რომლის მთავარი ამოცანა არის საკუთარი არსებობის გახანგრძლივება. სწორედ ამ რეჟიმის წინააღმდეგ არის ეს სარჩელი. საქართველოს წინააღმდეგ ბაჩანა შენგელია არასოდეს იქნება, მით უმეტეს ია კერზაია, რომელიც ზუსტადაც ქვეყნის სიყვარულს და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა.

მადლობა ყველას, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი"- წერს შენგელია. 

................

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე, "დანაშაულის არ არსებობის გამო" გამოძიება მიმდინარე წლის 23 აგვისტოს შეწყვიტა. უწყების თქმით, არ დადასტურდა, რომ "ადგილი ჰქონდა "ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობას".

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, ამავე წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

24 დეკემბერს, ბაჩანა შენგელიამ ის ანონიმური წერილი გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც სკოლაში ინსპექტორი შევიდა. აღნიშნულ საქმეზე შენგელია მთავარ პროკურატურაში 25 დეკემბერს გამოკითხეს. 8 თებერვალს განათლების მინისტრმა თქვა, რომ არ იცის, ვინ არის ია კერზაიას საქმეზე განათლების სამინისტროში შესული წერილის ავტორი. ბატიაშვილის თქმით, მათი ვალდებულებაა წერილში ასახული ფაქტების გადამოწმება და არა წერილის ნამდვილი ავტორის დადგენა.

აღსანიშნავია, რომ 11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან მთავრობას წერილით მიმართა და ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას, საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა.

კომენტარები