And Then We Danced

შსს And Then We Danced-ზე: დავიცავთ როგორც უსაფრთხოებას, ასევე გამოხატვის თავისუფლებას

0 კომენტარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საქარტველოს კინოთეატრებში ჩვენების დროს დაიცავს, როგორც უსაფრთხოებას, ასევე, გამოხატვის თავისუფლებას.

"გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წლის 8, 9 და 10 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში მდებარე რამდენიმე კინოთეატრში მხატვრული ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) პრემიერა იმართება. ასევე, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან კეთდება განცხადებები კინოჩვენების ხელშემშლელი ღონისძიებების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, შსს მიუთითებს, რომ მისი ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა, განურჩევლად ადამიანის სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების და სხვა ნიშნისა.

"მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", - აღნიშნავენ უწყებაში.

ცნობისთვის, ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას არ დაუშვებს. მაყურებლების კინოთეატრებში არ შეშვებით იმუქრება გურამ ფალავანდიშვილიც. ძალადობრივი ჯგუფების კიდევ ერთი ლიდერი, ლევან ვასაძე კი აღნიშნავს, რომ გაწევენ პოლიციელებს, შევლენ საოპერატოროში და ფილმის ჩვენებას გათიშავენ. აქციაზე ყოფნას აანონსებს სასულიერო პირების ნაწილიც.

ამასთან, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძეც ამბობს, რომ ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ" არის "ქრისტიანული ფასეულობების კიდევ ერთი დაკნინების მცდელობა" და ამაზე ეკლესია პროტესტს გამოთქვამს.

ლევან აკინის ფილმი And Then We Danced ოსკარის 92-ე ცერემონიაზე შვედეთის სახელით უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიგზავნება.

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ლევან აკინის დრამამ ისეთ ფილმებს და რეჟისორებს გაუსწრო, როგორიცაა კვენტინ ტარანტინო, დექსტერ ფლეტჩერი და სხვები. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები