სექსუალური შევიწროება ეკლესიაში

ეპარქია: ვთხოვთ ეკლესიის მმართველობას და ხელისუფლებას - მიიღონ ზომები, შეწყდეს ცილისწამება

0 კომენტარი

"სამღვდელოება და სამწყსო შეშფოთებული ვართ იმ ბრალდებისა და საშინელი ცილისწამების გამო, რომელსაც მიტროპოლიტ ზოსიმეს ეკლესიიდან დიდი ხნის წინ განდგომილი პირები უყენებენ" - წილკნისა და დუშეთის ეპარქია მეუფე ზოსიმეს მხრიდან სტუდენტი ბიჭის სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებას ეხმაურება და აცხადებს, რომ "დაუშვებელია ამგვარი დისკრედიტაცია პიროვნებისა, რომლის უკანაც დგას ეპარქია და მის ლოცვა-კურთხევას მინდობილი სამწყსო". ეპარქია მიმართავს ეკლესიის მმართველობასა და ხელისუფლებას, მიიღოს სათანადო ზომები, "რათა შეწყდეს მსგავსი ცილისწამება".

"დაუშვებელია მით უფრო მაშინ, როდესაც არანაირი ფაქტი არ არსებობს, გარდა გაბოროტებული "სასულიერო პირების“ ბრალდებებისა, რომელთა მთავარი მიზანიც წლების წინ მეუფე ზოსიმეს პოლიტიკაში აქტიურ ჩართულობას წარმოადგენდა.

ბრალმდებლების სიცრუეს მათ მიერ განვლილი გზაც ადასტურებს: მათ თავიანთი მომავალი არა ღვთის სიტყვის ქადაგებას, არამედ მთლიანად საქართველოს ეკლესიის ლანძღვასა და კრიტიკას დაუთმეს.

ადამიანმა, რომლის სახელითაც ზემოხსენებული „მღვდლები“ საუბრობენ, დიდი ხნის წინ ითხოვა შენდობა და მოინანია თავისი ცილისმწამებლური საქციელი. დღეს, როდესაც მსგავს ბრალდებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს უყენებენ, ამ თემის ხელახლა წამოჭრა პირდაპირ მიმართულია ეკლესიის წინააღმდეგ, რათა მრევლში შეირყეს წმინდა ფასეულობა, რომელიც ჯერ კიდევ გაგვაჩნია.

უმორჩილესად ვთხოვთ საქართველოს ეკლესიის მმართველობასა და ხელისუფლებას, მიიღონ სათანადო ზომები, რათა შეწყდეს მსგავსი ცილისწამება.

ვთხოვთ მედიასაშუალებებს, სიფრთხილე გამოიჩინონ მსგავს საკითხებზე საუბრისას, რადგან თემა მეტად სათუთ და წმინდა ფასეულობებს ეხება.

დაუშვებელია მტკიცებით ფორმაში იმაზე საუბარი, რასაც ქვეყნიდან გაქცეული პირები საქართველოს ეკლესიის სიძულვილით ლაპარაკობენ, მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე 31 წლის წინანდელ მოვლენებს ეხება. თუ მღვდელმთავარი ასეთ ცოდვაში იყო შემჩნეული, შეუძლებელი იქნებოდა, მას შემდეგ ერთხელ მაინც არ დაფიქსირებულიყო მსგავსი ფაქტი. ამას ადასტურებს სამღვდელოება და ყველა ის ადამიანი, ვინც წლებია, მეუფე ზოსიმეს სიახლოვეს ტრიალებს.

წილკნისა და დუშეთის ეპარქიის სამღვდელოება და სამწყსო თანადგომას უცხადებს ჩვენს უხუცეს და ღვაწლმოსილ მღვდელმთავარს და მადლობას უხდის იმ უდიდესი საეკლესიო აღმშენებლობისა და საგანმანათლებლო მოღვაწეობისათვის, რომელსაც წლებია, იგი ეპარქიაში დაუღალავად ეწევა.

მეუფე ზოსიმეს მიერ განვლილი გზის შედეგია ჩვენს მხარეში სულიერი ცხოვრების აღორძინება, ეკლესია-მონასტრების აღდგენა. აღსანიშნავია მისი საგანმანათლებლო მოღვაწეობა. მეუფე ავტორია უამრავი ავტობიოგრაფიული წიგნისა, სადაც მკითხველი ნათლად ხედავს მღვდელმთავრის განვლილ გზას, ყველა იმ სირთულეს, რომელიც სულიერი ცხოვრების გზაზე შეხვდა. განმარტებული აქვს ძველი და ახალი აღთქმის წიგნები, არის მრავალი თარგმანისა და ქადაგებათა კრებულის ავტორი. მისი ლოცვა-კურთხევით აქტიურად გამოიცემა საეკლესიო გაზეთი და ეპარქიაში მოქმედებს სამრევლო სკოლები, სადაც მრევლი სულიერ განათლებას სრულიად უსასყიდლოდ იღებს.

მეუფე ზოსიმე არის ეპარქიის დიდი მოამაგე, რომელიც ჩუმად, ყოველგვარი განცხადებების გარეშე აკეთებს თავის საქმეს და ამას, წლებია, საზოგადოება ხედავს. მის ირგვლივ არასოდეს ყოფილა მსგავსი ცილისწამება, მეუფის მოღვაწეობა თავისუფალია ყველანაირი პოლიტიკური სიმპატიებისა თუ ანტიპატიებისაგან.

35 წელზე მეტია, იგი ღირსეულად მიუყვება მღვდელმთავრის გზას და, გთხოვთ, თავი შეიკავოთ იმ ტალახის სროლისაგან, რომელიც ვერასოდეს შეურაცხყოფს მართალი ადამიანის სახელს.
ვთხოვთ მოსახლეობას: ნუ ავყვებით ბოროტის ენას და ნუ ჩავდგებით ცილისწამების უმძიმეს ცოდვაში"
- ნათქვამია წილკნისა და დუშეთის ეპარქიის განცხადებაში.

5 ნოემბერს ტაბულამ მოიპოვა წერილი, რომელიც ინფორმირებული წყაროების ინფორმაციით, სემინარიის სტუდენტმა კახა კალაძემ 1988 წელს დაწერა. ის სემინარიის მაშინდელ რექტორს (ეპისკოპოსს) და წილკნისა და დუშეთის ამჟამინდელ მიტროპოლიტს, ზოსიმეს სექსუალურ შევიწროებაში სდებდა ბრალს. წერილი გაეგზავნა მაშინდელ მარგველ ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძეს. წერილში სტუდენტი დეტალურად ჰყვება მიტროპოლიტის მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლას. 

5 ნოემბერსვე, მღვდელმა გიორგი სხილაძემ, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და არ იმყოფება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში, გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც მისი თქმით, მეუფე ზოსიმემ მხილების შემდეგ დაწერა და გადადგა.

წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი სტუდენტის სექსუალურ შევიწროებას უარყოფს. მეუფე ზოსიმეს თქმით, სტუდენტები მისი სემინარიიდან წასვლას იმის გამო ითხოვდნენ, რომ მათგან სულიერებას და შინაგანაწესის დაცვას ითხოვდა. მთავარეპისკოპოსის მტკიცებით, სტუდენტები ეროვნული მოძრაობის აქციების გამო ლექციებს აცდენდნენ, რასაც გიორგი სხილაძე უარყოფს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები