სექსუალური შევიწროება ეკლესიაში

"არანაირი საფუძველი არ გვაქვს, დავიჯეროთ" - ანდრია ჯაღმაიძე მეუფე ზოსიმეს მიმართ ბრალდებაზე

0 კომენტარი
ფოტო: პირველი არხი

"ეს არის ორკესტრირებული შეტევა ეკლესიაზე" - ასე აფასებს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე წილკნისა და დუშეთის მთავარესპისკოპოსი ზოსიმეს მიმართ სტუდენტი ბიჭის სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებებს. მან TV პირველში ჩართვისას თქვა, რომ ასეთი ბრალდება "ერთი და ორი" არ იქნება.

"ვფიქრობ, კიდევ მოვისმენთ მრავალ ბრალდებას, თითოეული მათგანი იქნება დაუსაბუთებელი, არაფერზე არ ლაპარაკობს ის წერილი, რომელიც გამოქვეყნდა. არანაირი საფუძველი არ გვაქვს დავიჯეროთ იმ დეტალური აღწერის, რომელიც იქ არის, სრულიად შესაძლებელია, რომ ერთი ადამიანი მეორეს წინააღმდეგ თავისი ინტერესების მისაღწევად ცილისწამებას მიმართავდეს.

დასაბუთებას ნახავს მთელი საზოგადოება იმის, რომ ეს არის მომზადებული შეტევა საპატრიარქოზე, ეკლესიაზე, წმიდა სინოდის წევრებზე, რეალურად, რამე დამადასტურებელ საბუთს, რომ ეს არის რეალობა, ვერც ერთი ვერ წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ ერთი და ორი არ იქნება ასეთი ბრალდება, ეს ეკლესიისთვის პირველი არ არის, დრო და დრო ხდება ხოლმე ეკლესიის წინააღმდეგ მსგავსი შეტევები, ადრეც და ახლაც ეს ყველაფერი დასრულდება ისევ სიმართლის გამომზეურებით" - ამბობს ჯაღმაიძე.

კითხვაზე, თუ იცის, რა მოხდა 1988 წელს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი პასუხობს - "ახლა არ მცალია ამის გასაშლელად, ეს არის სპეკულაციები, შემდგომში თუ იქნება საშუალება, დღის განმავლობაში კიდევ ჩავერთვები".

5 ნოემბერს ტაბულამ მოიპოვა წერილი, რომელიც ინფორმირებული წყაროების ინფორმაციით, სემინარიის სტუდენტმა 1988 წელს დაწერა. ის სემინარიის მაშინდელ რექტორს (ეპისკოპოსს) და წილკნისა და დუშეთის ამჟამინდელ მიტროპოლიტს, ზოსიმეს სექსუალურ შევიწროებაში სდებდა ბრალს. წერილი გაეგზავნა მაშინდელ მარგველ ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძეს. წერილში სტუდენტი დეტალურად ჰყვება მიტროპოლიტის მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლას. 

5 ნოემბერსვე, მღვდელმა გიორგი სხილაძემ, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და არ იმყოფება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში, გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც მისი თქმით, მეუფე ზოსიმემ მხილების შემდეგ დაწერა და გადადგა. მამა გიორგის მტკიცებითვე, "ეს არ იყო პირველი შემთხვევა და ყველამ ყველაფერი იცოდა". მისი თქმით, ბათუმის ამჟამინდელმა მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა, რომელიც მაშინ სასულიერო სემინარიის პედაგოგი იყო, სტუდენტებს უთხრა - "თქვენც რა ახალი ამბავი მითხარით ზოსიმეზეო“.

წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი სტუდენტის სექსუალურ შევიწროებას უარყოფს. მეუფე ზოსიმეს თქმით, სტუდენტები მისი სემინარიიდან წასვლას იმის გამო ითხოვდნენ, რომ მათგან სულიერებას და შინაგანაწესის დაცვას ითხოვდა. მთავარეპისკოპოსის მტკიცებით, სტუდენტები ეროვნული მოძრაობის აქციების გამო ლექციებს აცდენდნენ, რასაც გიორგი სხილაძე უარყოფს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები