ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

"შესაძლო შეთქმულება საპატრიარქოს წინააღმდეგ" - ენმ საპარლამენტო კომისიას ითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ითხოვს პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის "მაღალი თანამდებობის პირების მიერ, საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგ, შესაძლო ანტიკონსტიტუციური შეთქმულებისა და საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დარღვევის" ფაქტებს.

შესაბამისი დადგენილების პროექტი ფრაქციამ პარლამენტს დღეს, 6 ნოემბერს წარუდგინა. ენმ-ში ამის მიზეზად მეუფე იაკობის განცხადებებს ასახელებენ.

"მეუფე იაკობის საჯარო განცხადებაში მოყვანილი ფაქტები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ წარმოადგენს თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. პროკურატურამ აღნიშნულ საკითხზე არ დაიწყო გამოძიება, შესაბამისად ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ აუცილებელია შეიქმნას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია", - აღნიშნავენ პარტიაში.

მათივე ინფორმაციით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანია გამოიძიოს და დაადგინოს შემდეგი საკითხები:

  • შეისწავლოს საქართველოს არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის შესაძლო მონაწილეობა პატრიარქის გადაყენების განზრახვაში;
  • საქართველო პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის და სხვა თანამდებობის პირების შესაძლო მონაწილეობა ხსენებულ პროცესის მომზადებაში.

შეგახსენებთ, ბოდბელმა ეპისკოპოსმა ტელეკომპანია პირველის ეთერში თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი, ილია მეორეს მკვლელობას გეგმავდნენ. ამასთან, იაკობ იაკობაშვილისვე თქმით, გიორგი კვირიკაშვილთან, გიორგი გახარიასთან და ვახტანგ გომელაურთან შეხვედრისას მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი გადაეყენებინათ და მის ნაცვლად მოსაყდრე შიო დაეყენებინათ. ამ განცხადებების შემდეგ, მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსი აღარ არის, თუმცა ეპარქიის მმართველად რჩება, რადგან "გამოხატა სინანული".

კომენტარები