სექსუალური შევიწროება ეკლესიაში

მეუფე ზოსიმე: სტუდენტები, ვინც გადადგომა მომთხოვეს, მოქმედებდნენ რაღაც ძალების დავალებით

პირველი არხი

წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე ამბობს, რომ სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებები სიცრუეა, მისი სემინარიის რექტორობიდან გადადგომა კი არა შევიწროების ფაქტების, არამედ იმის გამო მოითხოვეს, რომ "ეკლესიის დამორჩილება სურდათ". 

მიტროპოლიტი ზოსიმე ამბობს, რომ 1988 წელს სტუდენტები "რაღაც ძალების დავალებით მოქმედებდნენ". 

მან ეს დღეს, 6 ნოემბერს დუშეთში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა.

"1988 წელს, მოგეხსენებათ, ქვეყანაში აშლილობის პერიოდი იყო. მთავრობის სასახლის წინ იცით, რა ამბები ხდებოდა, სულ მიტინგები იყო. სტუდენტების ნაწილი, განსაკუთრებით ის სტუდენტები, რომლებიც დღეს აქტიურობენ და რაღაცებს კადრულობენ, განსაკუთრებით აქტიურობდნენ. ჩვენ, სასწავლებლის ხელმძღვანელები, ვადევნებდით თვალს იმ პროცესებს, რაც მაშინ დედაქალაქში მიდიოდა, მაგრამ არანაირი უფლება გვქონდა, მეცადინეობისთვის არ მიგვეხედა და სასულიერო სემინარიის თუ აკადემიის შინაგანაწესი არ შესრულებულიყო. 

როცა ჩვენ მოვთხოვეთ მკაცრად სტუდენტებს, ძალიან ხშირად ცდებოდა ლექციები, ვერ ვმართავდით პროცესს, უმართავი შეიქმნა რაღაცნაირი და ძალიან მკაცრად მოვთხოვეთ მეცადინეობებზე დასწრება. ამან შექმნა აზრი, რომ ჩვენ გულგრილობას ვიჩენდით ეროვნული მოძრაობის მიმართ. 

ეს შესავალი რატომ იყო აუცილებელი, რა იყო ჩემი ტკივილი - სასწავლებელში სულიერო ატმოსფერო ძალიან მოიშალა. ქვეყნიური სული შევიდა. ყველანაირად შევეცადე, რომ მათთვის დასწრება მომეთხოვა და ამან დაძაბულობა შექმნა ზოგიერთებთან და შემდეგ ეს დაძაბულობა მტრობაში გადაიზარდა და შემდეგ რაც მოყვა მტრობაში გადაიზარდა. 

ამას მოჰყვა ეს ბრალდებები. ეს ახალგაზრდები თავიდანვე სხვა სულით გამოირჩეოდნენ. ესენი იყვნენ ისეთი ადამიანები, ეკლესიის მიმართ სულ პროტესტი, დაძაბულობა რომ ექნებათ. 

ბრალდებები - ეს ყველაფერი არის აბსურდული, ტყუილი. ეს იყო ეკლესიის მისამართით, ანტიეკლესიური მოძრაობა გახდა. მე მივხვდი, რომ ესენი მარტონი არ იყვნენ და ამათ უკან რაღაც ძალები იდგა", - თქვა მეუფე ზოსიმემ. 

მისივე თქმით, მაშინ 1988 წელს ეკლესიამ მის მიმართ ბრალდებების საკითხი განსაჯა. 

"მაშინ ეკლესიამ განსაჯა ეს საკითხი. მე მახსოვს უწმინდესის ლოცვა-კურთხევით. ეს არ მოხდა მხოლოდ პატრიარქით, იყო მთელი პედსაბჭო, მთელი შემადგენლობა სემინარიის და აკადემიის  პედაგოგებისა შეიკრიბა პატრიარქის რეზიდენციაში და ერთხმად შეიკრიბნენ და ასეთი შეფასება მისცეს, რომ ეს იყო აკადემიის და სემინარიის წინააღმდეგ გამოსვლა.

სემინარიის რექტორობიდან ვითარების განსამუხტად გადავდექი.

შევძრწუნდი, ისეთი რაღაცები მოვისმინე. ისინი მოქმედებენ რაღაც ძალების დავალებით. სულს სხვა სულის ხალხი იყო. ეკლესიის მორჩილება კი არა, ეკლესიის დამორჩილება სურდათ იმ ხალხს, ვინც მათ უკან იდგა", - თქვა მეუფე ზოსიმემ. 

_______________________________________________________________________________________

1988 წელს დაწერა სემინარიის მაშინდელმა სტუდენტმა, მამა გიორგი სხილაძემ დაწერა წერილი, რომლითაც ის რომელიც სემინარიის მაშინდელ რექტორს (ეპისკოპოსს) და წილკნისა და დუშეთის ამჟამინდელ მიტროპოლიტს, ზოსიმეს სექსუალურ შევიწროებაში სდებდა ბრალს. წერილი გაეგზავნა მაშინდელ მარგველ ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძეს. წერილში სტუდენტი დეტალურად ჰყვება მიტროპოლიტის მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლას.

დღესვე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სემინარიისა და აკადემიის ყოფილმა სტუდენტმა, მღვდელმა გიორგი სხილაძემ, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და არ იმყოფება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში, გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც მისი თქმით, მეუფე ზოსიმემ მხილების შემდეგ დაწერა და გადადგა.

სემინარიის დატოვების შემდეგ, ეპისკოპოს ზოსიმეს კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ 1996 წელს ჯერ მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2009 წელს მიტროპოლიტის წოდება მიანიჭა. 

კომენტარები