სალმონელა

სურსათის სააგენტომ ბიუ-ბიუს ქათმის ხორცში სალმონელა გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბიუ-ბიუს წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა გამოავლინა. სააგენტოს ცნობით, მათ 21 ოქტომბერს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიიღეს შეტყობინება 11 პირის ინტოქსიკაციის შესახებ, რესტორანში - "ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“.

სააგენტომ რესტორანი სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმა. ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს სურსათის ნიმუშები:

  • უკრაინული ქათმის ბარკალი;
  • „ბიუ-ბიუ“-ს ქათმის ფრთები (ნახევარფაბრიკატი);
  • „ბიუ-ბიუ“-ს ქათმის ფილე დამარინადებული.

"სააგენტომ მიკვლევადობის მიზნით, კონტროლი, წარმოების, დისტრიბუციის და რეალიზაციის ყველა ეტაპზე განახორციელა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად ქათმის დამარინადებული ფილეს ნიმუშში, რომლის მწარმოებელია შპს "ჩირინა“(ბიუ-ბიუ) და დისტრიბუტორია შპს „ჯეო დისტრიბუშენ გრუპი“, გამოვლინდა სალმონელა.

მიკრობიოლოგიური დარღვევა ასევე გამოვლინდა უკრაინული ქათმის ბარკლის ნიმუშში მწარმოებელი „Processing Complex“ უკრაინა, დისტრიბუტორი შპს „სანი“). ლაბორატორიული კვლევის შედეგების გათვალისწინებით, 25 ოქტომბერს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განმეორებით ჩაატარა არაგეგმური ინსპექტირება რესტორანში -„ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“, რომელსაც კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერა საწარმოო პროცესი" - აცხადებს სურსათის სააგენტო და აღნიშნავს, რომ მათ ის მარკეტიც შეამოწმეს, სადაც რესტორანმა ნედლი ქათმის ფილე შეისყიდა. ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა საწარმოო პროცესი და 1000 ლარით დაჯარიმდა.

"სააგენტომ, ბოლო ეტაპზე, სახელმწიფო კონტროლი განახორციელა შპს „ჩირინასა“ (ფრინველთა სასაკლაო) და სადისტრიბუციო კომპანია „ჯეო დისტრიბუშენ გრუპში“, სადაც ლაბორატორიული კვლევის შედეგად, აღებული ხუთი ნიმუშიდან ოთხ მათგანში, სალმონელა გამოვლინდა. კომპანიებს დაევალათ სურსათის ბაზრიდან ამოღება და შემდგომი მოკვლევისა და რეაგირების მიზნით, საქმე შესაბამის უწყებებს გადაეცა" - აცხადებს სურსათის სააგენტო.

კომენტარები