სექსუალური შევიწროება ეკლესიაში

"არ მინდა, ბინძურ თამაშებში გამომიყენონ" - "ფორმულა" სემინარიის სტუდენტის წერილს აქვეყნებს

ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, მათ სასულიერო სემინარიის ყოფილი სტუდენტის კახა კალაძისგან პასუხი მიიღეს. ფორმულას" ცნობით, კალაძე ამბობს, რომ წერილი, რომელშიც სტუდენტი სემინარიის მაშინდელ რექტორს ეპისკოპოს ზოსიმე შიოშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა, მასთან შეთანხმების გარეშე გასაჯაროვდა.

"31 წლის წინანდელი მოვლენების საჯარო სივრცეში ხელახლა გაჟღერებამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, ცალსახად ვაცხადებ, რომ დღეს ეს ჩემთან შეთანხმების გარეშე მოხდა, მიმაჩნია, რომ კონკრეტული ფაქტების შეფასება მაშინდელი საზოგადოებრივ პოლიტიკური ცხოვრების კონტექსტიდან ამოგლეჯილად შეუძლებელია. შექმნილი მაღალი ემოციური ფონის გათვალისწინებით, სარწმუნოების, ეკლესიის და ეროვნული ღირებულებების დისკრედიტაციის გლობალური პროექტის პირობებში ჩემგან ნებისმიერი ფორმით პასუხი და მაშინდელ მოვლენებში მონაწილე პირთა როლის გამომზეურება მეც ამ პროექტის მონაწილედ მაქცევს, არ მინდა გამოყენებული ვიქნე სხვების ბინძურ თამაშებში, მითუმეტეს, რომ დიდი ხანია ვადევნებ თვალს საქართველოში მიმდინარე არაჯანსაღ პროცესებს, და ზედმიწევნით ვიცი, რა ხდება საერო თუ სასულიერო ცხოვრებაში. მაშინდელ პროცესებში გარკვევა და საბოლოო, სამართლიანი შედეგის დადგომა კი, ობიექტურ, მოუკერძოებელ გარემოს საჭიროებს, ვიმედოვნებ, მალე ვეღირსებით ასეთ გარემოს" - ტელეკომპანია ფორმულას ცნობით, ნათქვამია კახა კალაძის წერილში.

5 ნოემბერს ტაბულამ მოიპოვა წერილი, რომელიც ინფორმირებული წყაროების ინფორმაციით, სემინარიის სტუდენტმა კახა კალაძემ 1988 წელს დაწერა. ის სემინარიის მაშინდელ რექტორს (ეპისკოპოსს) და წილკნისა და დუშეთის ამჟამინდელ მიტროპოლიტს, ზოსიმეს სექსუალურ შევიწროებაში სდებდა ბრალს. წერილი გაეგზავნა მაშინდელ მარგველ ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძეს. წერილში სტუდენტი დეტალურად ჰყვება მიტროპოლიტის მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლას. 

5 ნოემბერსვე, მღვდელმა გიორგი სხილაძემ, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და არ იმყოფება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში, გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც მისი თქმით, მეუფე ზოსიმემ მხილების შემდეგ დაწერა და გადადგა. მამა გიორგიმ მთავარ არხთან საუბარში თქვა, რომ ინფორმაცია კახა კალაძესთან შეთანხმებით გაასაჯაროვა. მღვდლის აზრით, საჯაროდ საუბარზე უარს არც მისი მეგობარი იტყოდა.

წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი სტუდენტის სექსუალურ შევიწროებას უარყოფს. მეუფე ზოსიმეს თქმით, სტუდენტები მისი სემინარიიდან წასვლას იმის გამო ითხოვდნენ, რომ მათგან სულიერებას და შინაგანაწესის დაცვას ითხოვდა. მთავარეპისკოპოსის მტკიცებით, სტუდენტები ეროვნული მოძრაობის აქციების გამო ლექციებს აცდენდნენ, რასაც გიორგი სხილაძე უარყოფს.

კომენტარები