დიდი ბრიტანეთი

ბრექსითის მოწინააღმდეგე პარტიებმა 12 დეკემბრის არჩევნებისათვის შეთანხმებას მიაღწიეს

GETTY IMAGES

დიდი ბრიტანეთის ლიბერალ დემოკრატიულმა პარტიამ, მწვანეთა პარტიამ და უელსის პარტიამ 12 დეკემბრის არჩევნებისათვის შეთანხმებას მიაღწიეს.

შეთანხმების მიხედვით ისინი ზოგიერთ ოლქში საკუთარ კანდიდატს არ წამოაყენებენ და ერთმანეთის კანდიდატებს დაუჭრენ მხარს. უელსში შეთანხმება 40-დან 11 ადგილს ეხება, ჯამში კი 60-70 ადგილზე გავრცელდება.

სამივე პარტია ეწინააღმდეგება ევროკავშირიდან გასვლას და მხარს უჭერს ბრექსითის ხელახალი რეფერენდუმის ჩატარებას.

მათ უკვე დაიწყეს წინასაარჩევნო კამპანია.

გასულ კვირას ბრექსითის პარტიის ლიდერმა ნაიჯელ ფარაჟმა პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს მოუწოდა უარი თქვას ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებასზე და ბრექსითის მომხრე პარტიებთან კოალიციაში შევიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კონსერვატიულ პარტიას ამომრჩევლების წართმევით ემუქრება. ჯონსონმა შეთავაზებაზე უარი თქვა და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო შეთანხმებებში შესვლას არ აპირებს.

კონკურენტ პარტიებთან წინასაარჩევნო შეთანხმება გამორიცხა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ჯერემი კორბინმაც.

შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში ვადამდელი არჩევნები 12 დეკემბერსაა ჩანიშნული.

ჯონსონმა არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც პარლამენტმა მისი ბრექსითის შეთანხმების ნაჩქარევ ვადაში განხილვაზე უარი თქვა და ის იძულებული გახდა ევროკავშირისათვის ბრექსითის გადავადება იანვრის ბოლომდე ეთხოვა.

კომენტარები