"დაატოვებინეს" - შენგელია ბატიაშვილის გადადგომას დედის, ია კერზაიას საქმეს უკავშირებს

ბაჩანა შენგელია განათლების მინისტრის პოსტიდან მიხეილ ბატიაშვილის გადადგომას დედამისის, ია კერზაიას, გარდაცვალების საქმეს უკავშირებს და ამბობს, რომ ბატიაშვილი საკუთარი სურვილით არ წასულა და მას თანამდებობა დაატოვებინეს

ტვ პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში შენგელია ამბობს, რომ ბატიაშვილის გადადგომა დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა და მისთვის ეს ინფორმაცია ცნობილი იყო. შენგელია განმარტავს, რომ სხვა მხრივ, უბრალოდ, ლოგიკა არ არსებობს იმაში, რომ მინისტრმა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ განვითარების გრძელვადიანი გეგმა წარადგინა, მოულოდნელად საკუთარი სურვილით წასულიყო თანამდებობიდა. 

"ის, უბრალოდ, იძულებული იყო. მას თანამდებობაზე ვერ დატოვებდნენ და ის დღევანდელი მთავრობისთვისაც კი დამოკლეს მახვილივით იყო," - ამბობს შენგელია. 

შენგელიას თქმით, ის დიდი დანაშაული, რომელიც მას კერზაიას საქმეში მიუძღვის, მუდმივად ასე ვერ დარჩებოდა. მისივე თქმით, ამ ერთი წლის განმავლობაში ბატიაშვილის თანამდებობაზე ყოფნა მას ხელს უშლიდა საქმის გამოძიებაში, რადგან განათლების სამინისტროს თანამშრომლები, ვინც ამ საქმეში იყვნენ გარეულები, ბატიაშვილის ზეწოლას განიცდიდნენ. 

"სიმბოლურია, რომ ზუსტად ერთი წელი გავიდა მისი იმ ბრძანების ხელმოწერიდან, როდესაც მან #6 სკოლაში გამოგზავნა ზონდერები,"- ამბობს შენგელია. 

ია კერზაიას შვილის თქმით, ბატიაშვილის მიერ ივლისში საგამოძიებო სამსახურისთვის მიცემული ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია, სადაც შენგელიას თქმით, მინისტრმა საქმეზე პასუხისმგებლობა მოიხსნა და პრაქტიკულად მის თანამშრომლებს გადააბრალა დანაშაული. 

"ვფიქრობ, ესეც არის ერთერთი მიზეზი მისი სამსახურიდან გათავისუფლების," - ამბობს შენგელია. 

მისი თქმით, ბატიაშვილს მთავრობა სთხოვდა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას და თებერვალში მან ეს გააკეთა კიდეც, როდესაც თქვა, რომ თუკი საქმეში დანაშაულის ნიშნები გამოვლინდება, ის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებდა. 

"ეს იყო ნამდვილად დავალება მთავრობიდან, მაგრამ ივლისში უკვე გადააბრალა საკუთარ თანამშრომლებს," - ყვება შენგელია, რომელიც მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ბატიაშვილს ეგონოს, რომ პოსტის დატოვებით თანამდებობრივ პასუხისმგებლობას იხსნის, მაგრამ მისი ამ წასვლით, შენგელიასვე თქმით, ბატიაშვილმა გააღრმავა წარმოდგენა, რომ დანაშაული მან ჩაიდინა. 

7 ნოემბერს მთავრობის სხდომის დაწყების წინ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, თქვა, რომ პირადი თხოვნის საფუძველზე, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა. 

მიხეილ ბატიაშვილის მინისტრობის პერიოდს ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის, ია კერზაიას, გარდაცვალება უკავშირდება. კერზაია, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არცევნების დროს წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, ამავე წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

24 დეკემბერს, ბაჩანა შენგელიამ ის ანონიმური წერილი გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც სკოლაში ინსპექტორი შევიდა. აღნიშნულ საქმეზე შენგელია მთავარ პროკურატურაში 25 დეკემბერს გამოკითხეს. 8 თებერვალს განათლების მინისტრმა თქვა, რომ არ იცის, ვინ არის ია კერზაიას საქმეზე განათლების სამინისტროში შესული წერილის ავტორი. ბატიაშვილის თქმით, მათი ვალდებულებაა წერილში ასახული ფაქტების გადამოწმება და არა წერილის ნამდვილი ავტორის დადგენა.

აღსანიშნავია, რომ 11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან მთავრობას წერილით მიმართა და ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას, საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა.

გენერალურმა პროკურატურამ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე, "დანაშაულის არ არსებობის გამო" გამოძიება მიმდინარე წლის 23 აგვისტოს შეწყვიტა. უწყების თქმით, არ დადასტურდა, რომ "ადგილი ჰქონდა "ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობას".

6 ნოემბერს კი სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლომ შენგელიას სარჩელი დაარეგისტრირა. 

კომენტარები