მიხეილ ბატიაშვილის გადადგომა

ბატიაშვილი: ჩემი ძალისხმევა მიმართული იქნება განათლების ერთიანი რეფორმის გასაძლიერებლად

საქართველოს პარლამენტი

"ჩემი როლი და ძალისხმევა სრულად იქნება მიმართული კონკრეტული, მნიშვნელოვანი და დიდი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისკენ კონკრეტული შედეგების მისაღწევად და განათლების ერთიანი რეფორმის გასაძლიერებლად", - ამბობს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.

ყოფილმა მინისტრმა თანამდებობის დატოვების შემდეგ აღნიშნა, რომ იგი კვლავ აპირებს საკუთარი ენერგია სისტემას საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით "გარედან მოახმაროს", რადგან განხორციელდეს დაწყებული მნიშვნელოვანი პროექტები.

"რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მიმდინარე რეფორმას და ხელს შეუწყობს განათლების სისტემის მეტ განვითარებას", - ამბობს ბატიაშვილი.

7 ნოემბერს მთავრობის სხდომის დაწყების წინ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, თქვა, რომ პირადი თხოვნის საფუძველზე, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა. 

ბატიაშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე ექსპრემიერმა მამუკა ბახტაძემ 12 ივლისს წარადგინა. მან ამ თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი ჩაანაცვლა. ბატიაშვილთან ერთად მაშინ ბახტაძემ ფინანსთა მინისტრის პოსტზე ივანე მაჭავარიანი, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულია წარადგინა.

მიხეილ ბატიაშვილის მინისტრობის პერიოდს ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის, ია კერზაიას, გარდაცვალება უკავშირდება. კერზაია, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არცევნების დროს წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, ამავე წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. 

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებს. 

კომენტარები