სექსუალური შევიწროება ეკლესიაში

ომბუდსმენი ეკლესიაში სავარაუდო სექსუალური შევიწროების მსხვერპლებს მოუწოდებს მიმართონ მას

ტაბულა

საქართველოს სახალხო დამცველი მართლმადიდებელ ეკლესიაში სავარაუდო სექსუალური შევიწროების მსხვერპლებს მოუწოდებს, მიმართონ ომბუდსმენის აპარატს.

ეს განცხადება ნინო ლომჯარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ომბუდსმენმა განმარტა, რომ აპარატს შეუძლია შეისწავლოს სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტები, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს.

ამასთან, ნინო ლომჯარიამ მოითხოვა გამოძიება დაინტერესდეს სექსუალური ხასიათის ქმედებების შესახებ სასულიერო პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომელთა ნაწილი სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედების ნიშნებს შეიცავს.

ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველს აქვს სექსუალური შევიწროების საქმეების შესწავლის, ფაქტის დადგენის და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის მანდატი.

ეკლესიაში სავარაუდო სექსუალური შევიწროებისა და სექსუალური ძალადობის შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ კათოლიკოს-პატრიარქი "პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვაში" დაადანაშაულა. მან თქვა, რომ სინოდის სხდომაზე მტკიცებულებების წარდგენაც შეუძლია. ამ განცხადების საჯაროდ გაკეთებამდე რამდენიმე წუთით ადრე პეტრე ცაავა მღვდელმთავრობიდან ​განაყენეს. მან ჭყონდიდის ეპარქია უკვე დატოვა. იმავე დღეს მეუფე პეტრემ თქვა, რომ სიტყვა "პედარასტიაში" იგულისხმა "ჭაბუკების გამხრწნელი". მისი თქმით, ეს საეკლესიო ტერმინია.

ამის შემდეგ, მღვდელმა გიორგი სხილაძემ, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში არ იმყოფება, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმეს სტუდენტი კაცის შევიწროებაში დასდო ბრალი. მან გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც მისი თქმით, მეუფე ზოსიმემ მხილების შემდეგ დაწერა და გადადგა.

ტაბულამ მოიპოვა ის წერილიც, რომელიც 1988 წელს სემინარიის სტუდენტმა დაწერა და მეუფე ზოსიმეს სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. მთავარეპისკოპოსი ზოსიმე სტუდენტის სექსუალურ შევიწროებას უარყოფს.

აღსანიშნავია, რომ ორი წლის წინ ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმე ჯოჯუამ ეპარქია არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდების გამო დატოვა. 

კომენტარები