აშშ-თურქეთი

ერდოღანი ტრამპთან შეხვედრაზე "უსაფრთხო ზონიდან" ქურთი მებრძოლების გაყვანაზე ისაუბრებს

0 კომენტარი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი და დონალდ ტრამპი ფოტო: NYTimes

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ აშშ "უსაფრთხო ზონიდან" ქურთი მებრძოლების გაყვანის პირობას არ ასრულებს და ამ საკითხს დონალდ ტრამპთან მომავალ კვირას დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავს.

"ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და პარალელურად მათ, ვინც ქურთისტანის სახალხო დაცვის შენაერთების გაყვანას 120 საათში დაგვპირდა, ამისათვის არ მიუღწევიათ." თქვა ერდოღანმა.

ტრამპის და ერდოღანი შეხვედრას ვაშინგტონში 13 ნოემბერს გამართავენ.

თურქეთის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ ოსმალეთის იმპერიის დანაშაულების გენოციდად ცნობის და თურქეთისათვის სანქციების დაწესებაზე მუშაობის გამო ერდოღანს შესაძლოა შეხვედრა გაეუქმებინა.

ერდოღანი "უსაფრთხო ზონიდან" ქურთების გაყვანის საკითხზე შეხვედრას ვლადიმირ პუტინთანაც გეგმავს.

რამდენიმე დღის წინ ერდოღანმა თქვა, რომ სირიაში თურქეთის საზღვართან ზოგ ტერიტორიაზე ქურთისტანის სახალხო დაცვის შენაერთებს (YPG) კიდევ არ დაუტოვებიათ ე.წ. უსაფრთხო ზონა და აშშ-ის ძალები ქურთისტანის სახალხო დაცვის შენაერთებთან ერთად კვლავ ერთობლივ პატრულირებას ატარებდნენ.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ქურთისტანის მებრძოლები ქალაქ თელ რიფატში, მანბიჯში და აღმოსავლეთით რას ალ აინში რჩებოდნენ.

ვაშინგტონი და მოსკოვი ირწმუნება, რომ ქურთისტანის სახალხო დაცვის შენაერთებმა ტერიტორია სრულიად დატოვეს. 

ოფიციალური ანკარა ამბობს, რომ ისინი იტოვებენ ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ საზღვრის გადაღმა სამხედრო ოპერაციის ჩატარების უფლებას.

შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში ოპერაცია “მშვიდობის წყარო” დაიწყო, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამ ტერიტორიიდან ამერიკელი ჯარისკაცები გაჰყავდა. ერდოღანმა თქვა, რომ ოპერაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს და ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის/ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ იყო მიმართული.

მძიმე დარტყმები მიიღეს სირიის დემოკრატიულმა ძალებმა. ოპერაციის დაწყებიდან დაიღუპა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე. 160,000-ზე მეტ ადამიანს სახლების მიტოვება მოუხდა. არეულობის გამო ციხეებიდან და ბანაკებიდან გაიქცა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული 500-ზე მეტი ადამიანი.

სირიის დემოკრატიულმა ძალებმა აშშ-ის ამ გადაწყვეტილების შემდეგ შეთანხმებას ასადის რეჟიმთან მიაღწიეს, რის შემდეგაც ასადმა სირიის ჩრდილოეთით სირიის არმია გაგზავნა.

ერდოღანი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე ცეცხლის დროებით შეწყვეტად სათანხმდა, რითაც ქურთ მებრძოლებს ტერიტორიის დატოვების დრო მისცა.

ამის შემდეგ გაიმართა შეხვედრა ერდოღანსა და პუტინს შორის, სადაც ისინი შეთანხმდნენ, რომ ქურთისტანის სახალხო დაცვის შენაერთები სირიის საზღვრიდან 30 კილომეტრში დაიხევდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თურქეთის სამხედრო ოპერაციის ზონის გარეთ, სირიისა და თურქეთის საზღვარზე თურქეთის ძალებთან ერთად რუსეთის ძალები და სირიელი მესაზღვრეები განთავსდებიან. რუსეთმა და თურქეთმა ტერიტორიაზე ერთობლივი პატრულირება დაიწყეს. 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მიუხედავად მისი განცხადებისა, სირიიდან აშშ-ის ჯარის სრულად გამოყვანის თაობაზე, ქვეყანაში ამერიკელი ჯარისკაცების მცირე ნაწილი მაინც დარჩება. მათი ნაწილი მოკავშირეებთან ერთად ნავთობის საბადოებს დაიცავს, ნაწილი კი ისრაელისა და იორდანიის საზღვართან ახლოს განლაგდება.

სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) მიერ გავრცელებული ინფორმაციით აშშ-ის ჯავშანმანქანებმა ჩრდილოეთ სირიაში, თურქეთის საზღვართან პატრულირება ჩაატარეს. ეს ტერიტორიიდან აშშ-ის სამხედრო ძალების გაყვანის შემდეგ პირველი მსგავსი შემთხვაა, თუმცა სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ერთჯერადი არ იქნება და ამერიკელები ამ ტერიტორიაზე პატრულირებას კვლავ ჩაატარებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები