And Then We Danced

And Then We Danced-ის რეჟისორი: ფილმი სიყვარულის წერილია საქართველოსადმი

ლევან აკინი, ლევან გელბახიანი და ბაჩი ვალიშვილი.

ფილმ And Then We Danced-ის რეჟისორი, ლევან აკინი, ფილმის პრემიერის დღეს ძალადობრივი ჯგუფების მიერ დაგეგმილ პროტესტებს ეხმაურება. ამის შესახებ რეჟისორმა საკუთარ ინსტაგრამზე დაწერა.

"ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, რა ხდება საქართველოში, And Then We Danced-ის პრემიერის დღეს, პარასკევს.

ზოგიერთი ულტრა-მემარჯვენე ძალა და ეკლესია გეგმავს, რომ შეაჩერონ ადამიანები კინოთეატრებში შესვლისგან, სადაც ყველა ბილეთი გაიყიდა.

აბსურდია, რომ ადამიანებს, რომლებმაც ბილეთები იყიდეს, სჭირდებათ, იყვნენ მამაცები და ამავე დროს იყვნენ ძალადობის რისკის ქვეშ მხოლოდ იმიტომ, რომ ფილმის სანახავად მიდიან. 

მე ეს ფილმი სიყვარულითა და გულშემატკივრობით შევქმენი. ეს არის ჩემი სიყვარულის წერილი საქართველოსადმი და ჩემი მემკვიდრეობისადმი. ამ ამბით მსურდა ქართული კულტურისთვის ახალი მნიშვნელობის მინიჭება, რომელმაც საკუთარ თავში ყველა უნდა მოიცვას და არა ზოგიერთი.

თუმცა, საუბედუროდ, ცხოვრება ბნელ დროში გვიწევს და მიმდინარე პროტესტი ამტკიცებს როგორი სასიცოცხლოა, რომ დადგე ამ ჩრდილოვანი ძალების წინააღმდეგ ნებისმიერი გზით", - დაწერა ლევან აკინმა.

ცნობისთვის, ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას არ დაუშვებს, მაყურებლების კინოთეატრებში არ შეშვებით იმუქრება გურამ ფალავანდიშვილიც. ძალადობრივი ჯგუფების კიდევ ერთი ლიდერი, ლევან ვასაძე კი აღნიშნავს, რომ გაწევენ პოლიციელებს, შევლენ საოპერატოროში და ფილმის ჩვენებას გათიშავენ.

აქციაზე ყოფნას აანონსებს სასულიერო პირების ნაწილიც. საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, "დაიწყო დიდი შეტევა ეკლესიაზე და ეროვნულ ფასეულობებზეც". საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ლევან აკინის ფილმის საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას "ყოვლად მიუღებლად" მიიჩნევს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საქართველოს კინოთეატრებში ჩვენების დროს დაიცავს, როგორც უსაფრთხოებას, ასევე, გამოხატვის თავისუფლებას.

ლევან აკინის ფილმი And Then We Danced ოსკარის 92-ე ცერემონიაზე შვედეთის სახელით უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიგზავნება. ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა. ლევან აკინის დრამამ ისეთ ფილმებს და რეჟისორებს გაუსწრო, როგორიცაა კვენტინ ტარანტინო, დექსტერ ფლეტჩერი და სხვები.

კომენტარები