And Then We Danced

Cavea: მოდით დროზე ადრე, რომ უსაფრთხოება და ადგილებზე განთავსება შეუფერხებლად უზრუნველვყოთ

კინოთეატრების ქსელი კავეა იმ მოქალაქეებს, რომლებმაც უკვე შეიძინეს ფილმზე And Then We Danced დასასწრები ბილეთები, კინოში დაგეგმილზე ადრე მივიდნენ, რათა მათი უსაფრთხოება და დარბაზში კუთვნილ ადგილებზე განთავსება შეუფერხებლად მოხდეს.

"კინოთეატრების უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომ დაგეგმილმა ჩვენებებმა ექსცესების გარეშე ჩაიაროს.

ცხადია, მაქსიმალურად ვზრუნავთ ჩვენი მაყურებლის უსაფრთხოებაზე და კომფორტზე, სწორედ ამიტომ ვთხოვთ მათ ვინც შეიძინა “და ჩვენ ვიცეკვეთ” ბილეთები, ფილმის სანახავად მოვიდნენ დაგეგმილზე ადრე, რომ მათი უსაფრთხოება და დარბაზში კუთვნილ ადგილებზე განთავსება უზრუნველვყოთ შეუფერხებლად", - წერს კავეა.

პროპუტინული, ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები ფილმის პრემიერის ჩაშლას აანონსებენ.

ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას არ დაუშვებს, მაყურებლების კინოთეატრებში არ შეშვებით იმუქრება გურამ ფალავანდიშვილიც. ძალადობრივი ჯგუფების კიდევ ერთი ლიდერი, ლევან ვასაძე კი აღნიშნავს, რომ გაწევენ პოლიციელებს, შევლენ საოპერატოროში და ფილმის ჩვენებას გათიშავენ.

აქციაზე ყოფნას აანონსებს სასულიერო პირების ნაწილიც. საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, "დაიწყო დიდი შეტევა ეკლესიაზე და ეროვნულ ფასეულობებზეც". საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ლევან აკინის ფილმის საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას "ყოვლად მიუღებლად" მიიჩნევს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საქართველოს კინოთეატრებში ჩვენების დროს დაიცავს, როგორც უსაფრთხოებას, ასევე, გამოხატვის თავისუფლებას.

ლევან აკინის ფილმი And Then We Danced ოსკარის 92-ე ცერემონიაზე შვედეთის სახელით უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიგზავნება. ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა. ლევან აკინის დრამამ ისეთ ფილმებს და რეჟისორებს გაუსწრო, როგორიცაა კვენტინ ტარანტინო, დექსტერ ფლეტჩერი და სხვები. 

კომენტარები