შსს AND THEN WE DANCED-ში სავარაუდო პორნოგრაფიის ნიშნებს შეისწავლის

ანკა გუჯაბიძე

შინაგან საქმეთა სამინისტრო დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადების საფუძველზე ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" შესწავლას იწყებს, რომელმაც კინოთეატრ "ამირანთან" საპატრულო პოლიცია გამოიძახა იმ მიზეზით, რომ მისი თქმით, ფილმის აფიშაზე არ არის დატანილი, რომ მისი ყურება 18 წლამდე ასაკის მაყურებლებისთვის დაშვებული არ არის. 

"რაც შეეხება დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას, მიმდინარეობს განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა და დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, პოლიციის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება," - თქვეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე. 

ქართულ-შვედრუი ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა საქართველოში 8 ნოემბერს გაიმართება. 

ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას არ დაუშვებს. მაყურებლების კინოთეატრებში არ შეშვებით იმუქრება გურამ ფალავანდიშვილიც. ძალადობრივი ჯგუფების კიდევ ერთი ლიდერი, ლევან ვასაძე კი აღნიშნავს, რომ გაწევენ პოლიციელებს, შევლენ საოპერატოროში და ფილმის ჩვენებას გათიშავენ. აქციაზე ყოფნას აანონსებს სასულიერო პირების ნაწილიც.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, "დაიწყო დიდი შეტევა ეკლესიაზე და ეროვნულ ფასეულობებზეც". საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ლევან აკინის ფილმის საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას "ყოვლად მიუღებლად" მიიჩნევს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საქარტველოს კინოთეატრებში ჩვენების დროს დაიცავს, როგორც უსაფრთხოებას, ასევე, გამოხატვის თავისუფლებას.

ლევან აკინის ფილმი And Then We Danced ოსკარის 92-ე ცერემონიაზე შვედეთის სახელით უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიგზავნება.

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ლევან აკინის დრამამ ისეთ ფილმებს და რეჟისორებს გაუსწრო, როგორიცაა კვენტინ ტარანტინო, დექსტერ ფლეტჩერი და სხვები. 

კომენტარები