And Then We Danced

შსს: მობილიზებულია ადეკვატური ძალები, სადაც საჭირო გახდება, შესაბამის ძალას გამოვიყენებთ

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის თქმით, თბილისის კინოთეატრებთან მობილიზებულია იმდენი სამართალდამცველი, რაც საჭიროა მართლწესრიგის და უსაფრთხოების დასაცავად. 

„როგორც მოგეხსენებათ, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მიერ გაკეთებულია განცხადება, აღნიშნული ფილმის ჩვენების ჩაშლასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა მოხდეს ფილმის ჩაშლა და საზოგადოების ორი მხარის ერთმანეთში დაპირისპირება.

შესაბამისად, არა მარტო ამ კინოთეატრში, არამედ თბილისში არსებულ ხუთივე კინოთეატრში მობილიზებულია საპოლიციო ძალები, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი წესრიგისა და მართლწესრიგის დაცვას. როგორც აქამდე აღვნიშნეთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანაა გამოხატვის თავისუფლების დაცვა, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი მანდატის შესაბამისად. მობილიზებულია ადეკვატური ძალები, სადაც საჭირო გახდება წესრიგის დაცვა, შესაბამისი ძალა იქნება გამოყენებული,“ - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საქართველოს კინოთეატრებში ჩვენების ჩაშლას პროპუტინისტური ძალადობრივი ჯგუფები გეგმავენ. მათ ორგანიზებას გურამ ფალავანდიშვილი, ლევან ვასაძე, სანდრო ბრეგაძე და სასულიერო პირების ნაწილი უწევს. ლევან აკინის ფილმის საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას "ყოვლად მიუღებლად" მიიჩნევს საქართველოს საპატრიარქოც.

ლევან აკინის ფილმი And Then We Danced ოსკარის 92-ე ცერემონიაზე შვედეთის სახელით უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიგზავნება.

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ლევან აკინის დრამამ ისეთ ფილმებს და რეჟისორებს გაუსწრო, როგორიცაა კვენტინ ტარანტინო, დექსტერ ფლეტჩერი და სხვები. 

კომენტარები