NATO

პომპეო: NATO უნდა დაუპირისპირდეს დღევანდელ რეალობას და გამოწვევებს

მაიკ პომპეო
Reuters

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ბერლინში ვიზიტისას საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ NATO "ტვინის სიკვდილს" განიცდის.

"70 წლის შემდეგ [NATO] უნდა გაიზარდოს და შეიცვალოს. ის უნდა დაუპირისპირდეს დღევანდელ რეალობებს და გამოწვევებს. თუ ქვეყნებს სჯერათ, რომ NATO-სათვის საჭირო რესურსების მიწოდების გარეშე უსაფრთხოების ბენეფიტების მიღებას შეძლებენ და თუ ისინი ვალდებულებებს არ შეასრულებენ, არის რისკი, რომ NATO არაეფექტური გახდეს." თქვა მან.

პომპეომ ასევე გააკრიტიკა რუსეთის მხრიდან პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის მეთოდები და ჩინეთის ტაქტიკა, რომელიც მან ყოფილ აღმოსავლეთ გერმანიას შეადარა.

ბერლინის კედლის დანგრევაზე საუბრისას პომპეომ თქვა:

"დასავლეთმა, ჩვენ ყველამ, დავკარგეთ გზა ამ საამაყო მომენტის შემდეგ. ჩვენ გვეგონა, რომ შეგვეძლო რესურსები ალიანსის და ჩვენი სამხედრო ძალების გარეთ მიგვემართა, მაგრამ ვცდებოდით. დღეს რუსეთი, რომელსაც KGB-ს ყოფილი ოფიცერი მართავს, რომელიც დრეზდენში იყო გამწესებული, იჭრება მეზობლების ტერიტორიაზე და ხოცავს პოლიტიკურ ოპონენტებს. ჩვენ არ გვსურს, რომ ევროპა ენერგორესურსების კუთხით დამოკიდებული გახდეს ვლადიმირ პუტინზე." თქვა მან.

პომპეომ ასევე თქვა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია ავტორიტარიზმის ახალ ვერსიას აყალიბებს და გერმანია გააფრთხილა არ გამოიყენონ ჩინური ტელეკომუნიკაციების ფირმის, Huawei-ს ტექნოლოგია 5G სისტემის შექმნისას:

"თქვენივე დაზვერვის ხელმძღვანელმა თქვა, რომ Huawei-ს ნდობა არ შეიძლება." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ემანუელ მაკრონმა Economist-თან ინტერვიუში თქვა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის "ტვინი მკვდარია" და მიზეზად აშშ-ის, როგორც ალიანსის მთავარი გარანტორის ქმედებები დაასახელა, მათ შორის სირიიდან სხვა წევრებთან კონსულტაციის გარეშე ძალების გაყვანა.

"რასაც ამჟამად განვიცდით არის NATO-ს ტვინის სიკვდილი." თქვა მაკრონმა და ალიანსის წევრები გააფრთხილა, რომ ალიანსის დაცვის კუთხით აშშ-ს იმედად ვეღარ იქნებიან. "ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გადავაფასოთ რეალობა იმის თაობაზე, თუ რა არის NATO, აშშ-ის მხრიდან პირობების შესრულების გათვალისწინებით."

მაკრონმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა NATO-ს კოლექტიური თავდაცვის ვალდებულების შესრულებაც. მან ევროპის ქვეყნებს მოუწოდა იფიქრონ საკუთარ თავზე, როგორც გეოპოლიტიკურ ძალაზე, რათა საკუთარი ბედი თავად განაგონ.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თქვა, რომ მაკრონის ამ რადიკალურ განცხადებას არ ეთანხმება.

NATO-ს დაარსებიდან 70 წლისთავს მომდევნო თვეს, ლონდონში დაგეგმილ სამიტზე აღნიშნავს. ალიანსში მაკრონის განცხადებაზე კომენტარი გააკეთეს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ კვლავ მყარად დგანან და ევროპელი მოკავშირეები უფრო მეტ ინვესტიციას დებენ თავდაცვაში.

"აშშ ზრდის ინვესტიციას ევროპაში მეტი ჯარისკაცების გამოგზავნით და წვრთნების ჩატარებით. რეალობა ისაა, რომ ჩვენ ერთად ვმუშაობთ. ჩვენ ვაძლიერებთ კოლექტიურ თავდაცვას. ნებისმიერი მცდელობა დააშორონ ალიანსი ჩრდილოეთ ამერიკისგან შეიცავს არამ ხოლოდ ალიანსის და ტრანსატლანტიკური კავშირების, არამედ ევროპის დასუსტების საფრთხეს." თქვა მან.

საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვებს მიესალმნენ რუსეთში და სრული სიმართლე უწოდეს.

"კარგად არის ნათქვამი. მართალი სიტყვებია. სწორად აღწერს ნატოს ამჟამინდელ მდგომარეობას" დაწერა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ Facebook-ზე.

კომენტარები