გზების რეაბილიტაცია

თბილისში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც დათქმულ ვადებში არ სრულდება

თბილისში, ამ დროისთვის რამდენიმე მსხვილი სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. მათ შორის ყველაზე მასშტაბურია კახეთის გზატკეცილის, ჭავჭავაძის ქუჩის, გუდიაშვილის ბაღის, ვეკუას, ხიზანიშვილის ქუჩებისა და კიკვიძის ბაღის რეაბილიტაცია. 

ქალაქის რამდენიმე სატრანსპორტო კვანძში სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად მიმდინარეობს. ხშირად სამუშაოების დასრულება დადგენილ ვადებს ცდება.

გლდანი

გლდანის ცენტრალურ ნაწილში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია თბილისის მერიამ მიმდინარე წლის პირველ მაისს დაიწყო.

გაფორმებული ხელშეკრულებით, პროექტის ჩასაბარებლად კომპანიას 255 დღიანი ვადა მიეცა. ხელშეკრულების გაფორმებიდან დღეის მდგომარეობით 261 დღე უკვე გასულია. სამუშაოები 18 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო. 

კომპანიას ჯერ არ დაუწყია განათების ქსელის, ტროტუარების, ბორდიურების, ავტობუსების გაჩერებების სამუშაოები.

მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.

კახეთის გზატკეცილი

გზატკეცილის სარეაბილატაციო სამუშაოები მერიამ მიმდინარე წლის 3 აპრილს დაიწყო. ამ დღესვე თბილისის მერმა, განაცხადა, რომ სამუშაოები 7 თვის განმავლობაში გაგრძელდებოდა. 

ხელშეკრულების მიხედვით, ადგილზე სამუშაოები 3 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ესე არ მომხდარა. ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა. სამუშაოების დასრულების ვადამ 26 ნოემბრამდე გადაწია.

იმ შემთხვევაშიც თუ საგზაო სამუშაოები 26 ნოემბრისთვის დასრულდება, რისი ალბათობაც დაბალია, მაინც რჩება გარე განათებისა და გამწვანების სამუშაოები.

მშრალი ხიდი

ზაარბრიუკენის, მშრალი ხიდის, დედაენისა და 9 მარტის პარკების რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 15 მარტს დაიწყო.

ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების დასასრულებლად კომპანიას 8 თვიანი ვადა მიეცა. დათქმული ვადა 15 ნოემბერს ამოიწურა.

ჯერაც არ არის დასრულებული ორი პარკის დამაკავშირებული გვირაბის მშენებლობა, საავტომობილო მოძრაობა ადგილზე კვლავ შეზღუდულია.

ჯერჯერობით არ დაწყებულა უშუალოდ პარკების განახლება. რგვის სეზონიდან გამომდინარე, პარკის განახლება გაზაფხულზე განხორციელდება.

ჭავჭავაძის გამზირი

დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერიამ მიმდინარე წლის 30 მაისს დაიწყო. 

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 15 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო.

ვარაზის ხევიდან პიქსელის შენობამდე საგზაო და მიწისქვეშა სამუშაოები 15 სექტემბრს მართლაც დასრულდა, თუმცა ჯერჯერობით აღნიშნულ მონაკვეთზე არ დასრულებულა ავტობუსების გაჩერებებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია.

გამზირის რეაბილიტაციის დასრულებას, თბილისის მერი გაზაფხულზე ვარაუდობს.

კიკვიძის ბაღი

პარკის რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2019 წლის 15 აპრილს დაიწყო. ადგილზე სამუშაოებს კომპანია ინშაათ საქართველო აწარმოებს.

ხელშეკრულება კომპანიასთან აპრილში გაფორმდა. შეთანხმების მიხედვით, სამუშაოების დასრულების ვადად 225 დღე განისაზღვრა. ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა 11 ნოემბერს ამოიწურა.

უცნობია რა ეტაპზეა პარკის დენდროლოგიური განახლების პროცესი, რომლის დასასრულებლადაც კომპანიას ვადა დეკემბრამდე აქვს. 

კომენტარები